აქტივობა 8. ფაქტები და მოსაზრებები

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას. იგი ხელს შეუწყობს აგრეთვე არგუმენტირების, საკუთარი მოსაზრების დასა­ბუთების უნარის განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა სასწავლო მასალად იყენებს ვიზუალურ მასალას (ფოტოებს, სურათებს, პოსტერებს, სხვ.) და არა ტრადიციული სახის წერილობით ტექსტს. ამგვარად, მოსწავლეებს ფაქტი წარმოუდგებათ კონ­კრეტული მტკიცებულების _ კონკრეტული ვიზუალური სურათ-ხატის სახით, რაც ეფექტური იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკის მოსწავლეებისათვის უმეტესწილად კონკრეტული აზროვნებაა დამახასიათებელი.

აქტივობის შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ: 1. ფაქტია ის, რასაც გააჩნია კონკრეტული მტკიცებულება _ ვიზუალური სურათ-ხატი/რასაც ვხედავთ, რაც თვალისთვის ხილულია (მოძრაობა, ჟესტი, სახის გამო­მეტყველება, დრო, ადგილმდებარეობა, ჩაცმულობა, ანტურაჟი, სხვ.); 2. მოსაზრებაა ის, რასაც არ გააჩნია ამგვარი კონკრეტული ვიზუალური სურათ-ხატი (თუმცა იგი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტს).

 

აქტივობის მიზნები:

  • არავერბალური საშუალებით (ვიზუალური მასალით) გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • არგუმენტირების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

ვიზუალური მასალა (ფოტო/სურათი/რეპროდუქცია), დაფა/დიდი ფორმატის ქაღალდი, ცარცი/მარკერი, ცხრილის ნიმუშები ჯგუფური/წყვილური მუშაობისათვის (სათანადო რაოდენობით).

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ჯგუფური (ან წყვილური).

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობა ორ ძირითად ეტაპად იყოფა. პირველი მათგანი აქტივობის მოსამზადებელი ეტაპია, მეორე კი _ აქტივობის ჩატარების ეტაპი.

I ეტაპი _ მომზადება აქტივობის ჩასატარებლად: ვიზუალური მასალის შერჩევა.

მასწავლებელი შეარჩევს სათანადო ფოტოებს/სურათებს/ რეპროდუქცი­ებს/პოსტერებს, სხვ.; მოამზადებს ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის ნიმუშებს ყველა ჯგუფისათვის/წყვილისათვის (მათი რაოდენობა მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს).

შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვოს, შინიდან მოიტანონ ფოტოები, სურათები და სხვა ვიზუალური მასალა, რომლებსაც აქტივობის დროს გამოიყენებენ მათი თანაკლასელები. აუცილებელია, შერჩეული ვიზუალური მასალა გადანაწილდეს იმგვარად, რომ ყველა ჯგუფს/წყვილს გასაანალიზებლად შეხვდეს მისთვის უცნობი მასალა.

II ეტაპი _ აქტივობის მიმდინარეობა:

  1. ნიმუშის ჩვენება _ მასწავლებელი გააკრავს ერთ რომელიმე სურათს/ფოტოს გასაანალიზებლად და დაფაზე გადახაზავს ცხრილს (ან გააკრავს დიდ ფორმატზე დახაზულ ცხრილს გასაანალიზებელი ფოტოს/სურათის გვერდით); შემდეგ მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს ცხრილის მარცხენა სვეტში ჩაწერილ მახასიათებლებზე (ადგილი, დრო, გარეგნული მხარე, ემოცია/განწყობა). ამის შემდეგ მოსწავლეთა თანამონაწილეობით შეავსებს ცხრილს; დასასრულ, ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობითა და მოსწავლეთა აზრის გათვალისწინებით, დაასათაურებს ვიზუალურ მასალას.

 

ნიმუში. ცხრილი.

ფოტო

ფაქტი

მოსაზრება

ადგილი

 

 

დრო

 

 

გამოსახული პირები

 

 

ემოცია/განწყობა

 

 

ფოტოს სათაური:

 

დავუშვათ, დასამუშავებლად შეირჩა სურათი, რომელიც მოცემული 4 პარამეტრის მიხედვით შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს:

  1. ადგილი: ზღვის სანაპირო.

ფოტოზე მოჩანს პალმის ხეები, შორს _ ზღვა.

  1. დრო: ზაფხული.

ცხელა _ მზე ანათებს და ყველას საზაფხულო ტანსაცმელი აცვია.

  1. გარეგნული მხარე, ანტურაჟი:

სურათზე ხუთი ადამიანია. ცენტრში, ერთმანეთის გვერდით, დგანან ახალგაზრდა ქალი და კაცი. ქალს ხელში ჩვილი ბავშვი უჭირავს. ქალის და კაცის წინ დგანან ბიჭი და გოგო (10-12 წლის). სამივე ბავშვი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს ერთი ოჯახი უნდა იყოს.

  1. ემოცია/განწყობა:

ეს ბედნიერი ოჯახია: ჩანს, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთი ძალიან უყვართ _ ხელში აყვანილი ბავშვი დედას ეხუტება; გოგო და ბიჭი ხელი­ხელჩაკიდებულნი დგანან; კაცს ერთი ხელი ქალის მხარზე უდევს, მეორე ხელით კი წინ მდგარი ბიჭის მხარზე; ხელში აყვანილი ბავშვი იღიმება, დანარჩენები მხიარულად იცინიან.

ცხრილის შევსების დროს მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერონ განსხვავება ფაქტსა და მოსაზრებას შორის და შეძლონ მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა. მუშაობის შედეგად ცხრილი ამგვარ სახეს მიიღებს. 

ნიმუში. შევსებული ცხრილი

ფოტო

ფაქტი

მოსაზრება

ადგილი

ფოტოზე ჩანს სუბტროპიკული მცენარეები: პალმის ხეები, და სხვ.

ზღვის სანაპიროა.

დრო

მზე ანათებს, ხალხს აცვია საზაფხულო ტანსაცმელი: მოკლე შარვლები, სანდლები, მოკლესახელოებიანი ჭრელი მაისურები.

ზაფხულის ცხელი დღეა.

გამოსახული პირები

  • სურათის ცენტრში ერთმანეთის გვერდით დგანან ახალგაზრდა ქალი და კაცი. მათთან სამი ბავშვია: ჩვილი ბავშვი და მასზე უფროსი გოგო და ბიჭი. სამივე ბავშვი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
  • კაცს ერთი ხელი ქალის მხარზე უდევს, მეორე ხელი კი _ მის წინ მდგარი ბიჭის მხარზე.
  • უფროსი გოგო და ბიჭი ხელიხელჩაკიდებულები დგანან
  • ეს ერთი ოჯახი უნდა იყოს (ბავშვების მსგავსება).
  • უფროსი გოგო და ბიჭი 10-12 წლისანი იქნებიან; ალბათ, სკოლის მოსწავლეები არიან (შეიძლება, ზაფხულის არდადეგები აქვთ?).
  • შეიძლება ეს ოჯახი ზღვაზე დასასვენებლად არის წასული.
  • სხვ.

ემოცია/განწყობა

  • ხელში აყვანილი პატარა ბავშვი დედას ეხუტება.
  • პატარა ბავშვი იღიმება, დანარჩენები მხიარულად იცინიან.
  • უყვართ ერთმანეთი
  • ბედნიერები არიან
  • უხარიათ ერთად ყოფნა (შეიძლება ხშირად არ არიან ერთად?)
  • სხვ.

ფოტოს სახელწოდება: ბედნიერი ოჯახის ზაფხული ზღვის სანაპიროზე.

 

  1. მუშაობა ნიმუშის მიხედვით

მასწავლებელი დაურიგებს ჯგუფებს/წყვილებს წინასწარ შერჩეულ ვიზუ­ალურ მასალას, აგრეთვე ზემოთ მოცემული ცხრილის ნიმუშებს და სთხოვს მოსწავლეებს, მცირე ხნით ჩუმად დააკვირდნენ სურათებს. შემდეგ ჯგუფის/წყვილის წევრები ჩამოწერენ ნებისმიერ აზრს, მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სურათზე/ფოტოზე. რა არის ასახული ვიზუალურ მასალაზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასა­ბუთონ წამოყენებული მოსაზრება სურათზე ასახული ფაქტებით (რაც შეიძლება მეტი ოდენობის ფაქტებით) და ჩამოწერონ ისინი ფურცლებზე. დასასრულ, მოსწავლეებმა უნდა დაასათაურონ ფოტო ფაქტებზე დაყრდნობით.

III ეტაპი _ სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ჯგუფების/წყვილების წარმომადგენლებს, წარმოადგინონ ვიზუალური მასალა, შევსებული ცხრილი და ზეპირი გზით გააცნონ თანაკლასელებს ჩატარებული ანალიზის შედეგები. მოსწავლეთა თანამონაწილეობით, მასწავლებელი დაასა­ხელებს საუკეთესო ნამუშევრებს.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

20-22 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • არავერბალური საშუალებით (ვიზუალური მასალით) გადმოცემული ინფორმაციის გააზრება და ინტერპრეტირება;
  • ფაქტებისა და მოსაზრების ერთმანეთისაგან გამიჯვნა ვიზუალური მასალის საფუძველზე;
  • ვიზუალურ მასალაზე გადმოცემული ინფორმაციის დახარისხება და წარმოდგენა ცხრილის სახით.

 

მეთოდური რეკომენდაცია:

ზოგ შემთხვევაში გარეგნული მხარე (ტანსაცმელი, ადამიანთა გარეგნული იერსახე, სხვ.) შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდეს დროის/ეპოქის და ადგილის დასადგენად. მაგ., გრძელი კაბები და პირბადიანი შლაპები, ვთქვათ, მიგვანიშნებდეს მე-19 საუკუნეზე (დრო), ფრინველების ბუმბულებისგან და/ან ცხოველის ტყავისაგან დამზადებული სამოსი აფრიკაზე (ადგილი) იმ შემთხვევებში, თუკი დროის/ადგილის დასადგენად სხვა ფაქტობ­რივი მიმანიშნებელი არ არის.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ხელოვნება (ვიზუალური მასალის წაკითხვა-გაანა­ლიზება). ამას გარდა, აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა მეცნიერების ნებისმიერი სხვა დარგის შესწავლის დროსაც.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 9; ქართ. VIII. 10, 13.