აქტივობა 8. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

შედეგი

  • მოქ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს.
  • მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.

 

დრო

ერთი გაკვეთილი

 

შენიშვნა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოყვანილი შედეგები ერთმნიშვნელოვანი არ არის და შესაძლებელია აქტივობა სხვა შედეგებზეც გადიოდეს

 

რესურსები

  • ფურცლები;
  • კალმისტრები;
  • ფანქრები;
  • დაფა;
  • ცარცი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობიე აღწერა:

დაყავით მოსწავლეები მცირე ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს სთხოვეთ დაამზადონ 10-15 ბარათი, რომლებზეც დაწერილი ან დახატული იქნება, რა სჭირდება, მათი აზრით, ბავშვს საიმისოდ, ბედნიერი და ჯანმრთელი რომ იყოს.

ამის შემდეგ დაფაზე ჩამოწერეთ შემდეგი კატეგორიები:

ა) სიცოცხლისთვის აუცილებელი საგნები (მაგალითად, საჭმელი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თავშესაფარი);

ბ) საგნები, რომლებიც უფრო სასურველია, ვიდრე საჭირო (მაგალითად, სათამაშოები, განათლების ან ხმის მიცემის უფლება);

გ) საგნები, რომლებიც არც ერთ ზემოთ გამოყოფილ კატეგორიას არ მიეკუთვნება.

დაავალეთ ჯგუფებს გაერთიანდნენ და თავიანთი ბარათები ერთმანეთს შეადარონ, შემდეგ კი თითოეულ მათგანს კატეგორიის მიხედვით მიუჩინონ ადგილი. აქტივობის მომდევნო ფაზაში დისკუსიის რეჟიმში განიხილეთ შემდეგი საკითხები:

ა) ადვილია თუ არა სურვილებისა და საჭიროებების გამიჯვნა?

ბ) რა ხდება მაშინ, როცა ადამიანის სურვილები არ არის დაკმაყოფილებული?

გ) რა მოსდის ადამიანს, როდესაც არ ხდება მისი საჭიროებების დაკმაყოფილება?

დ) რა ხდება საზოგადოებაში, სადაც ადამიანთა უმრავლესობის საბაზო საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული?

ე) არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც ხშირად ვერ აღწევენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას?

ვ) შეიძლება ზოგიერთი ადამიანი კმაყოფილი იყოს, თუ მის გარშემო სხვები ძირითად საბაზო საჭიროებებს ვერ იკმაყოფილებენ?

ზ) რა უნდა გაკეთდეს ადამიანის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?

თ) ვისი ვალდებულებაა მათი დაკმაყოფილება?

ი) თქვენ რას გააკეთებდით თქვენ ირგვლივ მყოფთა დასახმარებლად, ამ მიმართულებით?

კ) რამდენად ახდენს გავლენას სურვილებზე ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: ასაკი, სქესი (გენდერი), კლასი, კულტურა, ეთნიკურობა?

აქტივობის დასკვნით ნაწილში კი დასვით საკითხი: რა მიმართებაშია ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის მოთხოვნები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციასთან. დაავალეთ მოსწავლეებს იპოვონ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ის მუხლები, რომლებიც დაფაზე ჩამოწერილ საჭიროებებს შეესაბამება.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება ადამიანის უფლებათა არსის, ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებს შორის არსებული კავშირების გააზრებაში.