აქტივობა 2. წყაროს წაკითხვის მეშვეობით ნაკლული ინფორმაციის შევსება

დავურიგოთ ბავშვებს  ბარათებზე წინასწარ დაბეჭდილი წყარო. მაგალითად, ადაპტირებული ნაწყვეტი იოანე ბატონიშვილის „კალმასობიდან”.

აქტივობა 2.

მოცემულ წყაროში განმარტებულია შვიდი ოსტატისა თუ ვაჭრის საქმიანობა, დანარჩენი ცხრა კი განმარტების გარეშეა დარჩენილი. ბავშვები რიგ-რიგობით გამოდიან დაფასთან და წერენ განმარტების გარეშე მოცემულ 9 პროფესიას.  შემდეგ ცდილობენ, მოიფიქრონ, თუ რა  საქმიანობას  ეწეოდნენ ამ  პროფესიის მიმდევარი ადამიანები და მასწავლებლის დახმარებით ავსებენ დაფას.

აქტივობა 2.2.

ბავშვებმა აქვე შეიძლება გაიხსენონ, რომელი გვარები წარმოიშვა მოცემული პროფესიებიდან. მაგალითად:

  • დურგალი – დურგლიშვილი; 
  • ფეიქარი – ფეიქრიშვილი;
  • დალაქი – დალაქიშვილი და სხვა. 

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები

  1. დაფა და ცარცი;
  2. ეთნოგრაფიულ მუზეუმი;
  3. იოანე ბატონიშვილის „კალმასობა” (ადაპტირებული ტექსტი);
  4. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. (თბილისი, შ. დადიანის ქ.№28) 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი ხელოვნება. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

1. კარგი იქნება, თუ მეექვსე კლასის ბოლოს მივაღწევთ იმას, რომ მოსწავლისთვის გლეხთან ასოცირებული იქნება მისი ძირითადი საქმიანობა – მიწათმოქმედება.

მოსწავლე, რომელიც სოფლად ცხოვრობს,  ადვილად დაახასიათებს გლეხის საქმიანობას,  თუმცა, განსხვავება  მაინც უნდა დავანახოთ დღევანდელ და, ვთქვათ, შუასაუკუნეებში მცხოვრები გლეხის საქმიანობას შორის.

უფრო რთულადაა საქმე ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შემთხვევაში. აქ მასწავლებელს არკვეული ძალისხმევა დასჭირდება მოსწავლეებში ამ საკითხის გასათავისებლად.

პრაქტიკამ აჩვენა გლეხის საქმიანობის წელიწადის დროებთან დაკავშირება. მაგალითად, გაზაფხულიდან თუ დავიწყებთ და ადამიანის ძირითადი საკვები პროდუქტის, პურის მოყვანას შევეხებით, უნდა ვახსენოთ ხვნა-თესვა, შრომის ორგანიზაციის ფორმები (მამითადი), გუთნისდედა, ურმული, მკა (აქედან მკათათვე), ყოველი სეზონისათვის საჭირო შრომის იარაღები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები და ა.შ.

კარგი იქნება, თუ ქალაქელ მოსწავლეებს მასწავლებელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში წაიყვანს და ადგილზე უჩვენებს შესაბამის მასალებს.

2. ისტორიულად, ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა მეორე დიდ ჯგუფს ხელოსნები და ვაჭრები წარმოადგენდნენ. ამიტომ მასწავლებელმა, მოცემული საგნის ფარგლებში, მათ საქმიანობაზეც უნდა შეუქმნას მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა. მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რომ ძველ დროში ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ყველა ნივთი ხელით მზადდებოდა, იმ დროს არ იყო ფაბრიკა-ქარხნები. ყოველი ხელოსანი და ვაჭარი სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდა. რაც უფრო კარგად იყო განვითარებული ქვეყანაში ხელოსნობა და ვაჭრობა, მით უფრო ძლიერი იყო ეკონომიურად სახელმწიფო.

3. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის თვალნათელი იყოს ორი განსხვავებული დარგის – ხელოსნობისა და ვაჭრობის – სპეციფიკა,  კარგი იქნება მათი წაყვანა სპეციალურ მუზეუმში (საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. (თბილისი, შ. დადიანის ქ.№28).