აქტივობა 2. როლური თამაშის მეშვეობით წარსულის ეპოქის გაცოცხლება

ყველაზე პოპულარული ადამიანები მეფის შემდეგ ვაზირები იყვნენ, განსაკუთრებით, ამირსპასალარები. შეიძლება მათი ჩამოთვლა და ღვაწლის აღნიშვნა. შეიძლება სავაზიროს გათამაშებაც. გავანაწილოთ კლასში „სახელოები” (თანამდებობები):

  • ამირსპასალარი
  • მანდატურთუხუცესი
  • მეჯინიბეთუხუცესი
  • მეჭურჭლეთუხუცესი
  • ამირახორი
  • ჩუხჩარხი
  • სხვა
WordSection1">

დავავალოთ, მოიძიონ მასალები მითითებული ლიტერატურიდან (ამ ასაკის მოსწავლეებისათვის ქართული ენციკლოპედიაც საკმარისია). მეტი დამაჯერებლობისათვის, შეიძლება ყველამ პატარა მოსასხამი მოიტანოს სახლიდან და მასში გამოეწყოს. ასევე კარგი იქნება, თიხისაგან გამოძერწონ ხელისგულისოდენა მედალიონი, შეღებონ გუაშის საღებავებით და გამოსახონ მასზე ემბლემა, რომელიც მათ მიერ არჩეულ თანამდებობას განასახიერებს. მაგ: ამირსპასალარის მედალიონზე ფარი და მახვილი გამოსახონ, მეჯინიბეთუხუცესის მედალიონზე – ცხენის თავი და ა.შ. თვითნაკეთი მედალიონები თასმაზე ააცვან და გულზე ჩამოიკიდონ.

ასე გამოწყობილმა „ვაზირებმა” პირველ პირში გვიამბონ თავიანთი „თანამდებობისა და საქმიანობის” შესახებ. მაგ: „მე ვარ საქართველოს ამირსპასალარი ...”.


შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები

  1. დაფა და ცარცი;
  2. ისტორიული ატლასი;
  3. ქართული ენციკლოპედია;
  4. მოსასხამები, ზოგადად, ძველი დროის სიმულაციისთვის გამოსადეგი ტანისამოსი;
  5. თიხა;
  6. გუაშის საღებავები. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა;
  3. მათემატიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

როგორც წესი, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ ისტორიული პიროვნების პირადი და სახელმწიფოებრივი თვისებების ერთმანეთისაგან გარჩევა. როდესაც ვთხოვთ რომელიმე, თუნდაც მეფის შეფასებას, იწყებენ იმით, რომ ეს მეფე იყო ღონიერი, კარგი მეომარი, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უყვარდა თავისი სამშობლო და ა.შ..

ამ შემთხვევაში ისტორიის მასწავლებლის ამოცანაა, ასწავლოს ბავშვს პიროვნების დახასიათება მის მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით. აქ კარგად შემოდის ტერმინი „რეფორმა”. ვუხსნით მათ ამ სიტყვის მნიშვნელობას და არსს. პირველი მეფე, რომელსაც ვახასიათებთ, ფარნავაზია. მისი რეფორმები ძალიან კარგად ესმით ბავშვებს. ეს მოდელი მომდევნო მეფეების შემთხვევაშიც წარმატებულად მუშაობს.

სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც მოსწავლეებს უკვე დაუგროვდებათ ინფორმაცია საქართველოს მეფეების შესახებ, შეგვიძლია გავამეორებინოთ მასალა და თან დავალაგებინოთ ეს მეფეები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დროის ხაზზე. სასურველია, ამ აქტივობაში მთელმა კლასმა მიიღოს მონაწილეობა.