აქტივობა 1. საკვანძო ტერმინებზე მუშაობითა და შესაბამისი კითხვებით მოსწავლის მიყვანა ისტორიული პირის მისეულ შეფასებამდე, ინფორმაციის კლასიფიცირება

როდესაც ფარნავაზის ცხოვრებას ვასწავლით მოსწავლეებს, კარგი იქნება, თუ შემდგომ თავად შევაფასებინებთ მის მოღვაწეობას.

მთავარი ხაზი, რომელიც მასწავლებელმა ამ გაკვეთილზე უნდა გაატაროს,  რეფორმები ანუ ცვლილებებია. ამიტომ დაფაზე ვწერთ – რა ცვლილებები მოხდა საქართველოში ფარნავაზის გამეფების შემდეგ? სავარაუდოდ, ასუხები იქნება ასეთი:

  1. ფარნავაზმა გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო;
  2. ფარნავაზმა ქვეყანა საერისთავოებად დაჰყო;
  3. ფარნავაზმა შეცვალა რელიგია – აღმართა არმაზის კერპი;
  4. ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა.

ამის შემდეგ შეიძლება ერთ-ერთი რეფორმის შედეგი თავად ნახონ და ამოიწერონ ისტორიული ატლასიდან. ჩანაწერს მისცენ ცხრილის ფორმა:

აქტივობა 1. ცხრილი 1


შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები

  1. დაფა და ცარცი;
  2. ისტორიული ატლასი;
  3. ქართული ენციკლოპედია;
  4. მოსასხამები, ზოგადად, ძველი დროის სიმულაციისთვის გამოსადეგი ტანისამოსი;
  5. თიხა;
  6. გუაშის საღებავები. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა;
  3. მათემატიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

როგორც წესი, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ ისტორიული პიროვნების პირადი და სახელმწიფოებრივი თვისებების ერთმანეთისაგან გარჩევა. როდესაც ვთხოვთ რომელიმე, თუნდაც მეფის შეფასებას, იწყებენ იმით, რომ ეს მეფე იყო ღონიერი, კარგი მეომარი, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უყვარდა თავისი სამშობლო და ა.შ..

ამ შემთხვევაში ისტორიის მასწავლებლის ამოცანაა, ასწავლოს ბავშვს პიროვნების დახასიათება მის მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით. აქ კარგად შემოდის ტერმინი „რეფორმა”. ვუხსნით მათ ამ სიტყვის მნიშვნელობას და არსს. პირველი მეფე, რომელსაც ვახასიათებთ, ფარნავაზია. მისი რეფორმები ძალიან კარგად ესმით ბავშვებს. ეს მოდელი მომდევნო მეფეების შემთხვევაშიც წარმატებულად მუშაობს.

სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც მოსწავლეებს უკვე დაუგროვდებათ ინფორმაცია საქართველოს მეფეების შესახებ, შეგვიძლია გავამეორებინოთ მასალა და თან დავალაგებინოთ ეს მეფეები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დროის ხაზზე. სასურველია, ამ აქტივობაში მთელმა კლასმა მიიღოს მონაწილეობა.