აქტივობა 1. ტერმინებსა და ცნებებს შორის შესატყვისობების პოვნა

ამ ასაკში მეფე ერეკლეს შესახებ მოსწავლეებს არაერთხელ სმენიათ, იციან ხალხური ლექსები მის შესახებ, იცნობენ მის მიერ გადახდილ ბრძოლებს, მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი” იძლევა უამრავი ინფორმაციის ამოკრეფის საშუალებას. აი, ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეგვიძლია დავუსვათ კითხვები და თავად მივიყვანოთ სასურველ დასკვნებამდე.

  1. რა თანამდებობა ეკავა ერეკლე მეორეს?  – მეფე იყო.
  2. როგორ გახდა იგი მეფე?  – მეფის შვილი იყო და თვითონაც მეფე უნდა გამხდარიყო.
  3. კიდევ რომელ მეფეებს იცნობთ,  რომლებიც ამ გზით გახდნენ მეფეები? (აქ ჩამოთვლიან მათთვის ნაცნობ მეფეებს).
  4. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მეფობა მამიდან შვილზე გადადიოდა? - დიახ.
  5. სხვანაირად კიდევ როგორ შეგვიძლია ვთქვათ? – მემკვიდრეობით. 

 

შემდეგ შეგვიძლია დავსვათ კითხვები:

  1. მეფე ქართული სიტყვაა, მაგრამ რას უწოდებდნენ მეფეს სპარსეთში?
  2. რას უწოდებდნენ მეფეს თურქეთში?
  3. რას უწოდებდნენ მეფეს ინდოეთში?

 

ეს ტერმინები ბავშვებმა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიდან იციან და აუცილებლად გაიხსენებენ. შეგვიძლია დაფაზე ჩამოვაწერინოთ ასეთნაირად:

აქტივობა 1. ტერმინები მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიდან

 

ასეთი მიდგომით მოსწავლე უფიქრდება, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და რომელ ტერმინს ვიყენებთ, საუბარი მაინც ერთ კონკრეტულ თანამდებობაზეა, რომელიც აუცილებლად მემკვიდრეობით გადადის ვინმეზე.

აქვე ვამატებთ, რომ თანამდებობასთან ანუ უფლებასთან ერთად ამ ადამიანს მემკვიდრეობით ეძლევა გარკვეული მოვალეობები, ხშირ შემთხვევაში – საკმაოდ მძიმე. აქვე ვათქმევინებთ, რომ მეფე პირველი პირია ქვეყანაში.


შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები 

დაფა და ცარცი

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. ერთი შეხედვით, მეხუთე-მექვსე კლასის მოსწავლეები პატარები არიან მმართველობის სისტემების აღქმისა და გააზრებისათვის. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონკრეტული მაგალითებითა და მათთვის გასაგები ენით ახსნის შემთხვევაში, კარგად შეუძლიათგაგება  და განსხვავებების დანახვა აღნიშნულ სისტემებს შორის.
  2. კარგი იქნება, თუ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო, მთელი მსოფლიოსათვის გასაგები ტერმინია. რაც შეეხება მეფეს, შაჰს, სულთანს და სხვას, ყველასათვის გასაგები რომ ყოფილიყო, დააწესეს ერთი სიტყვა – მონარქი (მონო – ნიშნავს ერთს, არქოს – ხელისუფლებას ანუ ერთი კაცის ხელისუფლება). აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად ვეტყვით, რომ მეფე ერთპიროვნულად განაგებს  ქვეყანას,  პრეზიდენტი კი არა. ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის გარდა ბევრი ხალხი მონაწილეობს. ასეთ ქვეყანას  რესპუბლიკა ეწოდება (რეს – ნიშნავს საქმეს,  პუბლიკუს-სახალხოს).