აქტივობა 1. კითხვა-პასუხის მეშვეობით მოვლენათა ქრონოლოგიური ჩარჩოს დადგენა

დავწეროთ დაფაზე ასეთი ტექსტი: „მეფე მირიანმა მცხეთაში ხის ეკლესია ააგო, რომელსაც ხალხმა სვეტიცხოველი უწოდა... ერთი საუკუნის შემდეგ მეფე ვახტანგ გორგასალმა იმავე ადგილას ქვის ეკლესია ააშენა”.

დავსვათ კლასის წინაშე ასეთი კითხვა: რომელ საუკუნეში მეფობდა ვახტანგ გორგასალი?

მოსალოდნელია, რომ ამ კითხვაზე ვერავინ უპასუხოს, რადგან ჯერ ვახტანგ გორგასალი არ უსწავლიათ, მაგრამ მასწავლებელი ეხმარება  მინიშნებით და ლოგიკით მიჰყავს სწორ პასუხამდე:


1.რომელ საუკუნეში შემოვიდა ნინო ქართლში?

პასუხი – მეოთხე საუკუნეში.

2.ვინ მეფობდა ამ დროს ქართლში?

პასუხი – მეფე მირიანი (ე.ი. ისიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა და ხის ეკლესიასაც მეოთხე  საუკუნეში ააგებდა).

3.ერთი საუკუნის შემდეგ თუ ააგო ვახტანგ გორგასალმა ქვის ეკლესია, მეოთხეს შემდეგ რომელი საუკუნე მოდის?

პასუხი – მეხუთე საუკუნე.

4.თუ მეხუთე საუკუნეში ააგო ვახტანგმა ქვის სვეტიცხოველი, ვახტანგი რომელ საუკუნეში მეფობდა? 

პასუხი – მეხუთე საუკუნეში.

 

რესურსები

დაფა და ცარცი

 

კავშირი სხვა საგნებთან

მათემატიკა 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

1. ქრონოლოგია ერთ-ერთი საყურადღებო თემაა და ერთი ან ორიგაკვეთილი არ კმარა ამ საკითხის განსამტკიცებლად.  საჭიროა, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში მასწავლებელმა შეახსენოს ეს საკითხი ბავშვებს და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ხშირად გაავარჯიშოს  ისინი.

ასეთი მიდგომით მასწავლებელი ბავშვებს ლოგიკურ მსჯელობას, ნასწავლი მასალის საჭიროებისამებრგამოყენებას, თარიღებისადმი გააზრებულ მიდგომას აჩვევს (და არა დაზეპირებას, რაც ჩვენში ჯერ კიდევ მანკიერად მუშაობს).

2. ამ ასაკის მოსწავლეებს უჭირთ თარიღის დასახელებისას იმის განსაზღვრა, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ეს თარიღი. მაგალითად, თუ დავუსახელებთ 502 წელს, ხშირ შემთხვევაში, პასუხია მე-5 საუკუნე, რადგან ბავშვი პირველ ციფრს, ხუთიანს ხედავს და მას ეყრდნობა, ასევე ყურში „ხუთასი” ხვდება.

აქ ვუხსნით, რომ ხუთი საუკუნე შესრულდა, როცა 500 წელი გავიდა. ამის შემდეგ იწყება მე-6 საუკუნე.