აქტივობა 7. ვმუშაობთ აბზაცზე: ვადგენთ დამხმარე წინადადებებს(8)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. აქტივობა ტარდება სამ ეტაპად. იგი კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვისა (I ეტაპი) და წერის (II-III ეტაპები) მიმართულებებს.

 

აქტივობის მიზნები:

  • მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოსწავლეთა კითხვისა და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მონაწილეობით (I-II ეტაპები), წყვილური (III ეტაპი).

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეულები, კალმები, წინასწარ მომზადებული ცხრილები წყვილებში სამუშაოდ.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს კარგად სტრუქტურირებული აბზაცის წინასწარ შერჩეულ ნიმუშს. შემდეგ, აღნიშნულ ტექსტზე დაკვირვების გზით, შეახსენებს მოსწავლეებს აბზაცის სამნაწი­ლიან სტრუქტურას (1. თემატური წინადადება, 2. დამხმარე წინადადებები, 3. დასკვნითი წინადადება) და გაამახვილებს მათ ყურადღებას აბზაცის შუა ნა­წილზე _ დამხმარე წინადადებებზე; შეახსენებს მოსწავლეებს, რომ დამხმარე წინადადებებში მოყვანილია დამატებითი ინფორმაცია თემატურ წინადადებაში ასახული მთავარი იდეის შესახებ: კონკრეტული მაგალითები, დეტალები, დამაზუსტებელი მონაცემები, მისთ.

I ეტაპი: მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს აქტივობის მიზანს _ ესაა ადეკვატური დამხმარე წინადადებების დაწერის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხის ათვისება. იგი, კერძოდ, გულისხმობს დამხმარე წინადადებების და­წერას კონკრეტული თემატური წინადადებისათვის შეკითხვების დასმის გზით. ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელი დაფაზე დაწერს წინასწარ შერჩეულ თემატურ წინადადებას/წინადადებებს და ზეპირი გზით, მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით, დაუსვამს შეკითხვებს თემატურ წინადადებას/წინადადებებს. (შესაძლო შეკითხვები: რატომ? რის საფუძველზე ვამბობ ამას? რა მონაცემებს ვეყრდნობი? რა მაგალითები მაქვს ამისათვის? კონკრეტულად რას ვგულისმობ?)

 

ნიმუში.

ა) თემატური წინადადება: “საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი”.

შეკითხვები: რის საფუძველზე ვასკვნით ამას/რა მონაცემებს ვეყრდნობით? როგორია შობადობის მაჩვენებელი ამჟამად? როგორი იყო ათი წლის წინათ?...

მოფიქრებულ შეკითხვებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფის მარცხენა ნახე­ვარში (შეკითხვები შეიძლება დაფასთან რიგრიგობით გაძახებულმა მოსწავლეებმაც ჩამოწერონ).

II ეტაპი: მოფიქრებულ შეკითხვებზე მასწავლებელი, მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით, პასუხს გასცემს ჯერ ზეპირად, შემდეგ წერილობით _ დაფის მარჯვენა ნახევარზე (პასუხები დაფაზე შეიძლება რიგრიგობით გაძა­ხებულმა მოსწავლეებმაც დაწერონ). ამისათვის მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები უნდა დააფიქროს იმაზე, თუ რა ტიპის მონაცემები შეიძლება გამოდგეს თემატურ წინადადებაში გამოთქმული აზრის მხარდასა­ჭერად; საბოლოოდ, უნდა მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, რომ ამ კონკრე­ტულ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისია სტატისტიკური მონაცემები.

ნიმუში. პასუხები:

სტატისტიკური მონაცემებით / საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში დაიბადა 100. 000 ბავ­შვი. ეს მაჩვენებელი 35. 000-ით აღემატება ათი წლის წინანდელ მონაცემს _ ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2002 წელს საქართველოში დაბადებული ბავშვების რიცხვი 65. 000-ს არ აღემატებოდა.

პასუხების დაწერის შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს შესრულებულ სამუშაოს: კერძოდ, გაამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას იმაზე, რომ აბზაცის შუა ნაწილი, ფაქტობრივად, უკვე დაიწერა მას მერე, რაც მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. თვალსაჩინოებისათვის მასწავლებელი დაფის მარჯვენა ნახევარში დაწერილ პასუხებს წინ წაუმძღვარებს თემატურ წინადადებას _ ამ გზით მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ აბზაცის შუა ნა­წილზე (დამხმარე წინადადებები) მუშაობა უკვე დასრულებულია.

III ეტაპი: აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს წყვილებად, დაურიგებს მათ წინასწარ მომზადებულ ცხრლებს და მეწყვილეებს სთხოვს შევსებას (დაახლ. 7-8 წუთში).

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ პოზიტიური მხარეების გამოკვეთით, საჭიროების შემთხვევაში მისცემს მოსწავლეებს სათანადო შენიშვნებსა და რჩევებს.

ნიმუში. ცხრილი:

თემატური წინადადება:

შეკითხვა:

დამხმარე წინადდებები

1. ჩვენი სკოლის ბუფეტი შესვენებაზე ფუტკრების სკას ჰგავს.

 

რატომ? რის საფუძველზე ვამბობ ამას?

ეს ადგილი, სადაც გაკვეთილების დროს საოცარი სიმშვიდეა, ზარის დარეკვისთანავე გადაიქცევა ძალზე ხმაურიან ად­გილად, რომელიც სავსეა შესვენებაზე გამოსული მოსწავლეებით. აქ ყველა ერთდროულად ლაპარაკობს, მოძრაობს, იცინის, ხმაურით ირჩევს საჭმელს...

2. ნამდვილ მასწავლებელს სამი თვისება გამოარჩევს.

კონკრეტულად რომელ თავისებებს ვგულისხმობ?

ეს თვისებებია/ესენია: 1. ..., 2. ..., 3. ...

საშინაო დავალების სახით მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, ამავე გზით მოიფიქრონ და შეადგინონ დამხმარე წინადადებები თემატურ წინადადებებზე, რომლებსაც მოსწავლეები რვეულებში ჩაიწერენ მასწავლებლის კარნახით (ეს წინადადებები მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს).

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

17-18 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • ტექსტის შედგენა შეთავაზებული ნიმუშის მიხედვით;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითებები:

  • შობადობასთან დაკავშირებული ციფრები არ შეესატყვისება რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს (აქ ისინი მოყვანილია მხოლოდ ნიმუშის/მოდელის საჩვენებლად).
  • აქტივობის დროს გამოიყენება დარგობრივი ლექსიკის ერთეულები (სტატისტიკა, სტატისტიკური მონაცემები, შობადობა, სტატისტიკოსი). მასწავლებელმა შეიძლება მათზე წინასწარ გაამახვილოს მოსწავლეების ყურადღება ან განუმარტოს მოსწავლეებს მათი მნიშვნელობა აქტივობის მსვლელობის დროს.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი სხვა საგნის შესასწავლად.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 9, 10; ქართ. VII. 11, 13.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8 დამატებით იხ., "აბზაცის სტრუქტურა".