აქტივობა 7. ვმუშაობთ აბზაცზე: ვადგენთ დამხმარე წინადადებებს(8)
აქტივობის შესახებ:
აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. აქტივობა ტარდება სამ ეტაპად. იგი კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვისა (I ეტაპი) და წერის (II-III ეტაპები) მიმართულებებს.
აქტივობის მიზნები:
- მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეთა კითხვისა და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
- თანამშრომლობის უნარის განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა:
მთელი კლასის მონაწილეობით (I-II ეტაპები), წყვილური (III ეტაპი).
რესურსები:
დაფა, ცარცი/მარკერი, რვეულები, კალმები, წინასწარ მომზადებული ცხრილები წყვილებში სამუშაოდ.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს კარგად სტრუქტურირებული აბზაცის წინასწარ შერჩეულ ნიმუშს. შემდეგ, აღნიშნულ ტექსტზე დაკვირვების გზით, შეახსენებს მოსწავლეებს აბზაცის სამნაწილიან სტრუქტურას (1. თემატური წინადადება, 2. დამხმარე წინადადებები, 3. დასკვნითი წინადადება) და გაამახვილებს მათ ყურადღებას აბზაცის შუა ნაწილზე _ დამხმარე წინადადებებზე; შეახსენებს მოსწავლეებს, რომ დამხმარე წინადადებებში მოყვანილია დამატებითი ინფორმაცია თემატურ წინადადებაში ასახული მთავარი იდეის შესახებ: კონკრეტული მაგალითები, დეტალები, დამაზუსტებელი მონაცემები, მისთ.
I ეტაპი: მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს აქტივობის მიზანს _ ესაა ადეკვატური დამხმარე წინადადებების დაწერის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხის ათვისება. იგი, კერძოდ, გულისხმობს დამხმარე წინადადებების დაწერას კონკრეტული თემატური წინადადებისათვის შეკითხვების დასმის გზით. ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელი დაფაზე დაწერს წინასწარ შერჩეულ თემატურ წინადადებას/წინადადებებს და ზეპირი გზით, მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით, დაუსვამს შეკითხვებს თემატურ წინადადებას/წინადადებებს. (შესაძლო შეკითხვები: რატომ? რის საფუძველზე ვამბობ ამას? რა მონაცემებს ვეყრდნობი? რა მაგალითები მაქვს ამისათვის? კონკრეტულად რას ვგულისმობ?)
ნიმუში.
ა) თემატური წინადადება: “საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი”.
შეკითხვები: რის საფუძველზე ვასკვნით ამას/რა მონაცემებს ვეყრდნობით? როგორია შობადობის მაჩვენებელი ამჟამად? როგორი იყო ათი წლის წინათ?...
მოფიქრებულ შეკითხვებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფის მარცხენა ნახევარში (შეკითხვები შეიძლება დაფასთან რიგრიგობით გაძახებულმა მოსწავლეებმაც ჩამოწერონ).
II ეტაპი: მოფიქრებულ შეკითხვებზე მასწავლებელი, მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით, პასუხს გასცემს ჯერ ზეპირად, შემდეგ წერილობით _ დაფის მარჯვენა ნახევარზე (პასუხები დაფაზე შეიძლება რიგრიგობით გაძახებულმა მოსწავლეებმაც დაწერონ). ამისათვის მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები უნდა დააფიქროს იმაზე, თუ რა ტიპის მონაცემები შეიძლება გამოდგეს თემატურ წინადადებაში გამოთქმული აზრის მხარდასაჭერად; საბოლოოდ, უნდა მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისია სტატისტიკური მონაცემები.
ნიმუში. პასუხები:
სტატისტიკური მონაცემებით / საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში დაიბადა 100. 000 ბავშვი. ეს მაჩვენებელი 35. 000-ით აღემატება ათი წლის წინანდელ მონაცემს _ ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 2002 წელს საქართველოში დაბადებული ბავშვების რიცხვი 65. 000-ს არ აღემატებოდა.
პასუხების დაწერის შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს შესრულებულ სამუშაოს: კერძოდ, გაამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას იმაზე, რომ აბზაცის შუა ნაწილი, ფაქტობრივად, უკვე დაიწერა მას მერე, რაც მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. თვალსაჩინოებისათვის მასწავლებელი დაფის მარჯვენა ნახევარში დაწერილ პასუხებს წინ წაუმძღვარებს თემატურ წინადადებას _ ამ გზით მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ აბზაცის შუა ნაწილზე (დამხმარე წინადადებები) მუშაობა უკვე დასრულებულია.
III ეტაპი: აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს წყვილებად, დაურიგებს მათ წინასწარ მომზადებულ ცხრლებს და მეწყვილეებს სთხოვს შევსებას (დაახლ. 7-8 წუთში).
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ პოზიტიური მხარეების გამოკვეთით, საჭიროების შემთხვევაში მისცემს მოსწავლეებს სათანადო შენიშვნებსა და რჩევებს.
ნიმუში. ცხრილი:
თემატური წინადადება: |
შეკითხვა: |
დამხმარე წინადდებები |
1. ჩვენი სკოლის ბუფეტი შესვენებაზე ფუტკრების სკას ჰგავს.
|
რატომ? რის საფუძველზე ვამბობ ამას? |
ეს ადგილი, სადაც გაკვეთილების დროს საოცარი სიმშვიდეა, ზარის დარეკვისთანავე გადაიქცევა ძალზე ხმაურიან ადგილად, რომელიც სავსეა შესვენებაზე გამოსული მოსწავლეებით. აქ ყველა ერთდროულად ლაპარაკობს, მოძრაობს, იცინის, ხმაურით ირჩევს საჭმელს... |
2. ნამდვილ მასწავლებელს სამი თვისება გამოარჩევს. |
კონკრეტულად რომელ თავისებებს ვგულისხმობ? |
ეს თვისებებია/ესენია: 1. ..., 2. ..., 3. ... |
საშინაო დავალების სახით მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, ამავე გზით მოიფიქრონ და შეადგინონ დამხმარე წინადადებები თემატურ წინადადებებზე, რომლებსაც მოსწავლეები რვეულებში ჩაიწერენ მასწავლებლის კარნახით (ეს წინადადებები მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს).
აქტივობის ხანგრძლივობა:
17-18 წუთი.
შეფასება:
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- კრიტიკული აზროვნება;
- ტექსტის შედგენა შეთავაზებული ნიმუშის მიხედვით;
- თანამშრომლობა.
მეთოდური მითითებები:
- შობადობასთან დაკავშირებული ციფრები არ შეესატყვისება რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს (აქ ისინი მოყვანილია მხოლოდ ნიმუშის/მოდელის საჩვენებლად).
- აქტივობის დროს გამოიყენება დარგობრივი ლექსიკის ერთეულები (სტატისტიკა, სტატისტიკური მონაცემები, შობადობა, სტატისტიკოსი). მასწავლებელმა შეიძლება მათზე წინასწარ გაამახვილოს მოსწავლეების ყურადღება ან განუმარტოს მოსწავლეებს მათი მნიშვნელობა აქტივობის მსვლელობის დროს.
კავშირი სხვა საგნებთან:
აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი სხვა საგნის შესასწავლად.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. VII. 9, 10; ქართ. VII. 11, 13.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8 დამატებით იხ., "აბზაცის სტრუქტურა".