აქტივობა 7. ანალოგიები ან ცოდნის გადატანა ახალ სიტუაციაში, დაჯგუფება და სისტემატიზაცია

რესურსები:

მიკროსკოპი; მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების პრეპარატები; მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების პლაკატები.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების შედარებითი დახასიათება;
  • საგნებსა თუ მოვლენებს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა;
  • სხვადასხვა უჯრედული სტრუქტურის ნიშან-თვისებების ანალიზი;
  • საერთო ნიშნის მოძიება და ამ ნიშნის მიხედვით სტრუქტურების დაჯგუფება. მაგალითად, ციტოპლაზმის და ბირთვის სტრუქტურები (ად­გილმდებარეობის მიხედვით), ერთმემბრანიანი, ორმემბრანიანი და უმემბრანო სტრუქტურები (მემბრანის რაოდენობის მიხედვით).

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

უჯრედული პრეპარატების შესწავლის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს ჯგუფებს, თავად შეადგინონ მათთვის ცნობილი ორი სხვადასხვა სახის უჯრედისათვის შედარებითი დახასიათების ცხრილი (მაგალითად, მცენარეული და სოკოს, ან ცხოველური და სოკოს უჯრედების შესადარებლად). შესაძლოა, მოსწავლეებს დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარება.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი ქალაქი (რაიონი, სოფელი) უჯრედია, მაშინ რა ასრულებს აქ მიტოქონდრიის ფუნქციას?

– თუ დავუშვებთ, რომ ადამიანი ერთი უჯრედია, მაშინ რა ასრულებს მასში ლიზოსომის ფუნქციას?