აქტივობა 3. ქრონოლოგიური ღერძის აგება და მოსწავლისთვის ნაცნობი ისტორიული ფაქტების დატანა

უმარტივესი აქტივობა, რომელიც ამ ასაკის მოსწავლეებთან შეგვიძლია, შევიტანოთ, მათი ასაკის გამოთვლაა. აქტივობა დავყოთ ორ ეტაპად:

ა) ქვეშმიწერით გამოვაკლებინოთ 2011 წელს მათი ასაკი, მაგალითად, 11 წელი და მათი დაბადების თარიღი გამოვა 2000 წელი.

ბ) გავავლოთ დაფაზე ჰორიზონტალური ხაზი, ავაგოთ სკალა თითო წლის შუალედით ნულიდან თერთმეტ წლამდე. ეს მოსწავლის ცხოვრების გზა იქნება. ამის შემდეგ შევთავაზოთ სკალაზე „ღირსშესანიშნავი” ამბების დატანა საკუთარი ცხოვრებიდან, მაგალითად, რომელ წელს შევიდნენ საბავშვო ბაღში, სკოლაში, რომელ წელს შეეძინათ და ან ძმა და ა.შ.

აქტივობა 3. ცხრილი 1

გ) გავავლოთ დაფაზე ჰორიზონტალური ხაზი, მარცხენა კუთხეში დავწეროთ 2000 წელი – მათი დაბადების თარიღი – ავაგოთ სკალა თითო წლის შუალედით და მოვიდეთ 2011 წლამდე. ამ სკალაზე დავატანინოთ იგივე მოვლენები, რაც წინა სკალაზე დაიტანა.

აქტივობა 3. ცხრილი 2


როდესაც მოსწავლე ამ დავალებას შეასრულებს (როგორც წესი, ხალისით ასრულებენ), შეგვიძლია გადავიდეთ შედარებით „რთულ” სავარჯიშოზე. მაგალითად, დავუწეროთ დაფაზე რამდენიმე ისტორიული ფაქტი თავისი თარიღებით: 

  1. ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში აშენდა მე-5 საუკუნეში;
  2. ბედიის ტაძარი აფხაზეთში აშენდა მე-10 საუკუნეში;
  3. გელათის მონასტერი იმერეთში აშენდა მე-12 საუკუნეში;
  4. ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი აშენდა მე-13 საუკუნეში.

საკმარისი იქნება 13 საუკუნის აღნიშვნა სკალაზე, შემდეგ თვითონ გაანაწილებენ ზედ მოვლენებს. თუმცა, მეტი დამაჯერებლობისათვის, შეგვიძლია დავსვათ კითხვა – დღეს რომელი საუკუნეა? დავიტანოთ სკალაზე 21-ვე საუკუნე და მერე შევასრულოთ დავალება.

აქტივობა 4. სკალა 1



შენიშვნა

გარდა იმისა, რომ დასახელებული აქტივობებით მოსწავლე გაერკვევა ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიაში, როგორიცა ქრონოლოგიაა, იგი რაოდენობრივი წიგნიერებისკომპეტენციასაც დაეუფლება.

 

რესურსები

  • დაფა და ცარცი;
  • მასწავლებლის მიერ შედგენილი სავარჯიშო;
  • სახელმძღვანელო.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. მათემატიკა;
  2. ქართული ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

1. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა მეხუთეკლასელმა იცის, რა არის საუკუნე და რამდენი წლისაგან შედგება იგი; ნასწავლი აქვთ ათასის ფარგლებში მათემატიკური მოქმედებები და ა.შ. ისტორიის მასწავლებლის ამოცანაა, აუხსნას მათ, რა არის ათასწლეული – რომ იგი ათი საუკუნისაგან შედგება.

2. გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ამ ასაკში საუკუნის ჩაწერის კულტურა. ისტორიის მასწავლებელმა ქართული ენის მასწავლებელთან შეთანხმებით უნდა დაადგინოს, რა ვითარებაა ამ მხრივ მოსწავლეებთან. მითუმეტეს, როცა ქართული ენის მეხუთე კლასის სტანდარტი ამას ნამდვილად ითვალისწინებს. კარგი იქნება, თუ ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლები დროის ერთ მონაკვეთში გაივლიან ამ საკითხს, უფრო მეტიც – ჩაატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს.

ორთოგრაფია

მე-5 საუკუნე; მე-5 ს. (ს. ანუ ს წერტილით); მე-5 საუკუნის ; მე-5 ს-ის (ს-ის ანუ ს დეფისით, წერტილის გარეშე) V საუკუნე – რომაული ციფრით ჩაწერისას, ციფრის წინ არაა საჭირო ნაწილაკი „მე” და არც დეფისი. 

მე-5 საუკუნის დასაწყისში; მე-5 საუკუნის შუახანებში; 

მე-5 საუკუნის ბოლოს, მიწურულს; მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ან მე-5 საუკუნის  I ნახევარში;

მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, ან მე-5 საუკუნის  II ნახევარში;

მე-5 საუკუნის 10-იან წლებში, 20-იან წლებში და ასე შემდეგ, ყოველ ათწლეულზე შეიძლება ითქვას. მაგრამ, მე - არ იწერება ციფრის წინ, როცა გვაქვს 21-ე საუკუნე, 22-ე, 42-ე, 52-ე და ა.შ.

V-VI სს. მიჯნაზე – უნდა განვუმარტოთ, რომ აქ იგულისხმება დროის მონაკვეთი, როდესაც მთავრდებოდა მეხუთე საუკუნე და იწყებოდა მეექვსე. ეს შეიძლება უფრო კონკრეტულად მოიცავდეს დაახლოებით ათ წელიწადს იქეთ და ათ წელიწადს აქეთ. ან მეტს, ან ნაკლებს. სრულიად მოსალოდნელია, რომ სიტყვა „მიჯნა” არავინ იცოდეს. ისევე, როგორც მისი სინონიმი „სამანი” და კარგი იქნება, თუ მაგალითების მოშველიებით განვუმარტავთ.

3. ქრონოლოგიას როდესაც ვეხებით, კარგად მუშაობს ქრონოლოგიური ღერძის მეთოდი. დაფაზე ვუხაზავთ ან ჰორიზონტალურ ღერძს და ვალაგებთ თარიღებს მარცხნიდან მარჯვნივ, ან ვერტიკალურს და ვალაგებთ თარიღებს ქვემოდან ზემოთ.

დაფაზე ვუხაზავთ ან ჰორიზონტალურ ღერძს, ვალაგებთ თარიღებს მარცხნიდან მარჯვნივ და ვკარნახობთ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს.

მასწავლებელი ქრონოლოგიური სავარჯიშოების შეტანით თავიდან იცილებს ერთ ტიპურ შეცდომას მოსწავლეთა მხრიდან, კერძოდ: მოსწავლეს ამ ასაკში ერთმანეთში ერევა საუკუნე და წელი. ამიტომ მასწავლებელი მთელი წლის განმავლობაში უნდა ეცადოს, არ მოადუნოს ყურადღება და ყოველი ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენოს ამ საკითხის განსამტკიცებლად.

4. მეექვსე კლასიდან შეიძლება ძველი და ახალი წელთღრიცხვის ცნების შეტანა. აქ უკვე გართულდება დროის ხაზი და დაემსგავსება  მათემატიკურ სისტემას. ავუხსნათ, რომ ქრისტეს დაბადება პირობითად აიღეს, როგორც ახალი სამყაროს  ათვლის წერტილი, თორემ მის დაბადებამდე ქვეყნიერება,  ცხადია, არსებობდა. იყო უძველესი სახელმწიფოები: ეგვიპტე, ბაბილონი, ასურეთი, იუდეა, საბერძნეთი, რომი, კოლხეთი, ქართლი დშენახვა/დახურვაა ა.შ. თითოეულ მათგანს თავისი ადგილი დედამიწაზე და თავისი ისტორია ჰქონდა. როდესაც ისტორიას კარგად შეისწავლით, თავისუფლად შეძლებთ დროის სკალაზე ამ ქვეყნებში მომხდარი ამბების მოთავსებას.

5. ისტორიული დროის განხილვისას, სასურველია, მოსწავლეებს განვუმარტოთ გეოლოგიური დროც.