აქტივობა 2. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შედგენა

ექსპედიციისას, ადგილზე მისვლის შემდეგ, თავდაპირველად ჰორიზონტის მხარეებს არკვევენ  (ნასწავლიდან გამომდინარე). მანძილის დასადგენად ზომავენ საკუთარ ნაბიჯს და იწყებენ აზომვებს. ნაწილი ადგენს მანძილს ობიექტებამდე და ნაწილი ამ მონაცემებს იწერს. ექსპედიცია მრავალფეროვანი რომ გამოვიდეს, კარგი იქნება, თუ აზომვების დასრულების შემდეგ მოაწყობენ პოეზიის საღამოს,  გაიხსენებენ ხალხურსა და ცნობილი პოეტების ლექსებს სამშობლოსა თუ ბუნებაზე.

მეორე დღეს გაკვეთილზე უკვე ჯგუფებში მუშავდება ექსპედიციის მასალები და დგინდება გეგმა.  მათ იციან ტოპოგრაფიული ნიშნები და შეუძლიათ მარტივი გეგმის შედგენა. პრეზენტაციის დროს ყველა ჯგუფი საკუთარ ნამუშევარს – ადგილის გეგმას – წარადგენს. შესაძლოა, მოეწყოს ფოტოგამოფენაც, რომელიც მათი პირველი ექსპედიციის ამსახველი იქნება. 


რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული რუკა, მაგარი მუყაოს ქაღალდი, ფლომასტერები, სხვადასხვა ფერის პლასტელინი, წებო, მაკრატელი, პატარა ხის ჩხირები, პატარა ფურცლები;
  2. რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი;
  3. დაფა და ცარცი;  „საქართველოს ისტორიული ატლასი”, თბილისი, 2004 წ. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შესადგენად შეიძლება მოსწავლეები გავიყვანოთ ბუნებაში, მოვაწყოთ ექსპედიცია. თემის განსაზღვრის შემდეგ ირჩევა მარშრუტი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც. სასურველია, გარემო, სადაც მათთვის საინტერესო ობიექტები იქნება (ტაძარი, გზა, ხიდი, რკინიგზა…), თავად შეარჩიონ. ექსპედიციისთვის ემზადებიან წინასწარ და საზღვრავენ,  რა გააკეთონ,  რა წაიღონ (ჩანაწერთა რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი, საგზალი). ნაწილდება მოვალეობებიც (ვინ ჩაატარებს  აზომვებს, ვინ ჩაიწერს და ა.შ.).
  2. როდესაც გავივლით თემას „სწავლა-განათლება შუა საუკუნეების საქართველოში”, კარგი იქნება, თუ მოსწავლეები თავად დაიტანენსწავლა-გათლებისა და მწიგნობრობის ცენტრებს კონტურულ რუკაზე. ეს ცენტრები ცნობილი მონასტრების ტერიტორიებზე ყალიბდებოდა და მოქმედებდა. ისინი ისტორიულ რუკაზე სპეციალური პირობითი ნიშნითაა აღნიშნული.