აქტივობა 1. კონტურული და რელიეფური რუკის დამზადება

მარტივი ვარიანტი: კონტურულ რუკას გააფერადებენ საქართველოს ფიზიკური რუკის მიხედვით. ლეგენდას თავად ქმნიან. რელიეფური რუკის დამზადება: ამოჭრან კონტურული რუკა და დააწებონ მუყაოს ქაღალდზე. გაიხსენონ, რომელი მხრიდან ესაზღვრება საქართველოს შავი ზღვა და იმ ადგილას კონტურზე ლურჯი პლასტელინი დააკრან. შემდეგ მონიშნონ კავკასიონის ადგილი და მუქი ყავისფერი პლასტელინისგან გამოძერწონ სხვადასხვა სიმაღლის მთები. მონიშნულ ადგილებში დააწებონ მთები. შესაძლებელია, მწვერვალები მყინვარების მისანიშნებლად თეთრი პლასტელინით დაფარონ. სამხრეთ  ნაწილშიც პლასტელინის მთები განალაგონ. ყურადღებამივაქციოთ, რომ სამხრეთ საქართველოს  მთები კავკასიონზე დაბალი იყოს. მთებს შორის დარჩენილი ადგილები მწვანე და ღია ყვითელი პლასტელინით შეავსონ. 

გაითვალისწინონ ლიხის ქედიც და მისი მდებარეობა. პატარა ფურცლებზე დააწერონ სახელები: შავი ზღვა, კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, საქართველოს სამხრეთი მთიანეთი, ლიხის ქედი, ალაზნის ვაკე და სხვა. ფურცლები ჩამოაცვან ჩხირებს და ჩაამაგრონ შესაბამის ადგილებში. საინტერესოა მათი სურვილების გათვალისწინებაც – შეიძლება, მოინდომონ ტაძრების, ციხეების და სხვა ისტორიული ძეგლების დატანა. ეს, სავარაუდოდ, შემდგომი გაკვეთილის მასალა იქნება.


რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული რუკა, მაგარი მუყაოს ქაღალდი, ფლომასტერები, სხვადასხვა ფერის პლასტელინი, წებო, მაკრატელი, პატარა ხის ჩხირები, პატარა ფურცლები;
  2. რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი;
  3. დაფა და ცარცი;  „საქართველოს ისტორიული ატლასი”, თბილისი, 2004 წ. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა. 


რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შესადგენად შეიძლება მოსწავლეები გავიყვანოთ ბუნებაში, მოვაწყოთ ექსპედიცია. თემის განსაზღვრის შემდეგ ირჩევა მარშრუტი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც. სასურველია, გარემო, სადაც მათთვის საინტერესო ობიექტები იქნება (ტაძარი, გზა, ხიდი, რკინიგზა…), თავად შეარჩიონ. ექსპედიციისთვის ემზადებიან წინასწარ და საზღვრავენ,  რა გააკეთონ,  რა წაიღონ (ჩანაწერთა რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი, საგზალი). ნაწილდება მოვალეობებიც (ვინ ჩაატარებს  აზომვებს, ვინ ჩაიწერს და ა.შ.).
  2. როდესაც გავივლით თემას „სწავლა-განათლება შუა საუკუნეების საქართველოში”, კარგი იქნება, თუ მოსწავლეები თავად დაიტანენსწავლა-გათლებისა და მწიგნობრობის ცენტრებს კონტურულ რუკაზე. ეს ცენტრები ცნობილი მონასტრების ტერიტორიებზე ყალიბდებოდა და მოქმედებდა. ისინი ისტორიულ რუკაზე სპეციალური პირობითი ნიშნითაა აღნიშნული.