აქტივობა 6. მოვემზადოთ წერისათვის: ვადგენთ გეგმას
აქტივობის შესახებ:
აქტივობა გამიზნულია წერის წინა ეტაპისათვის. იგი ხელს უწყობს წერითი მეტყველების განვითარებას, ინფორმაციის დახარისხებისა და კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს. იგი ააქტიურებს იდეების გენერირების პროცესს, ხელს უწყობს წერის პროცესის ეტაპებისა და წერის სტრატეგიების გაცნობიერებას, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვისა და წერის მიმართულებებს. იგი ტარდება 2 ეტაპად.
აქტივობის მიზნები:
- წერის პროცესის ეტაპების გააზრება;
- წერის სტრატეგიების გაცნობიერება;
- წერითი მეტყველების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა:
მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ეტაპი), ინდივიდუალური (მეორე ეტაპი).
რესურსები:
დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალამი, რვეული.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს წერითი ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებზე; აუხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ნამუშევრის შედგენის წინ გეგმის/ჩამონათვლის შედგენა _ იგი ეხმარება ავტორს, უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი/დეტალი, სხვ.
ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ თხზულება “იაკობ გოგებაშვილი” (მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ფაქტებს მოსწავლეები წინასწარ უნდა გაეცნონ მასწავლებლის დავალებით); შესთავაზებს მათ, ერთობლივად შეადგინონ გეგმა/ჩამონათვალი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტების მითითებით.
გონებრივი იერიშის გზით მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლეთა შეთავაზებულ ვარიანტებს (ან დაფასთან იძახებს მოსწავლეებს ცალკეული პუნქტების დასაწერად). მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა თანამონაწილეობით შეაჯერებს მიღებულ შედეგებს და დაფაზე დაწერს საბოლოო ვერსიას.
მოსწავლეები რვეულებში გადაიწერენ ჩამონათვლის საბოლოო ვერსიას.
საშინაო დავალებად მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, დაწერონ თხზულება შემუშავებული გეგმის მიხედვით.
აქტივობის ხანგრძლივობა:
13-15 წუთი.
შეფასება:
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- იდეების გენერირება წერითი ნამუშევრის შესაქმნელად;
- წერის სტრატეგიების ეფექტური გამოყენება;
- წერითი ნამუშევრის შექმნა მოდელის მიხედვით.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. VII. 7, 9, 10; ქართ. VII. 11, 14.