აქტივობა 5. უჯრედის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტები

რესურსები:

წინასწარ მომზადებული სლაიდშოუ, ან ტაბულა პრო- და ეუკარიოტული უჯრედების, აგრეთვე მცენარეული, ცხოველური, სოკოს უჯრედების გამოსახულებით; კომპიუტერი; პროექტორი; თავისუფალი სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის; ფლიპჩარტზე დახაზული ან სლაიდზე გამოტანილი ცხრილი უჯრედშიდა სტრუქტურების ჩამონათვალით (ცარიელი და შევსებული ვარიანტები).

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • ამოიცნოს თვალსაჩინოებაზე ზოგიერთი უჯრედული სტრუქტურა და დაასახელოს მათი ფუნქცია;
  • ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განასხვავოს პროკარიოტული და ეუკარიოტული (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედები, დაასახელოს მათი მსგავსი და განმასხვავებელი სტრუქტურები;
  • შედეგები გამოსახოს ვენის დიაგრამის საშუალებით.

 

შენიშვნა: აქტივობა შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან, საკმაოდ ხანგრძლივია და სავარაუდოდ, დაიკავებს მთლიან გაკვეთილს.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • უხსნის მოსწავლეებს, რომ მიუხედავად ყველა ორგანიზმის უჯრედული აგებულებისა, ისინი იყოფა ორ ძირითად ტიპად: პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებად. ამავდროულად, უხსნის აღნიშნული ტერმინების წარმომავლობას (კარიონ – ბირთვი, პრო – მდე, ეუ – ჭეშმარიტი);
  • უჩვენებს კლასს პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების გადიდებულ გამოსახულებას ეკრანზე; თხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილებში და ჩამოთვალონ ყველა ის განსხვავება, რომელსაც აღმოაჩენენ უჯრედებს შორის;

განსხვავებული უჯრედები

პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები

 

  • ამუშავებს მოსწავლეებს წყვილებში 3-5 წთ-ის განმავლობაში;
  • გამოკითხავს რამოდენიმე წყვილს, მოსწავლეები ავსებენ ერთმანეთის პასუხებს;
  • მიჰყავს მსჯელობა სამი ძირითადი განსხვავების გამოკვეთამდე:


1) ბირთვის არსებობა/არარსებობა
2) რიგი უჯრედშიდა სტრუქტურების არსებობა/არარსებობა
3) ზომა

  • უჩვენებს კლასს ცხოველური, მცენარეული, სოკოს და ბაქტერიული უჯრედების გამოსახულებას. სთხოვს ამოიცნონ მათგან პრო- და ეუკარიოტული უჯრედები. 

პრო- და ეუკარიოტული უჯრედები

პრო- და ეუკარიოტული უჯრედები

 

  • ამოცნობის შემდეგ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რიგი ნიშნების მიხედვით ეუკარიოტული უჯრედებიც გასხვავდებიან ერთმანეთისაგან. მოკლედ ასახელებს და აღწერს ცხოველური, მცენარეული და სოკოს უჯრედების ზოგიერთ სტრუქტურულ კომპონენტსა და მათ ფუნქციებს.
  • ყოფს კლასს 4–5 ჯგუფად მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და ავალებს თითოეულ ჯგუფს გამოიყენონ არსებული ცოდნა და შეადარონ ერთმანეთს თვალსაჩინოებაზე მოცემული ოთხი სურათიდან ორი, რომელსაც თავად მიუთითებს (მაგალითად: მცენარეული და ცხოველური; მცენარეული და ბაქტერიული; ცხოველური და ბაქტერიული; მცენარეული და სოკოს; ცხოველური და სოკოს; სოკოსა და ბაქტერიის). სთხოვს, მოახდინონ შედარება უჯრედული კომპონენტების (პლაზმური მემბრანა, უჯრედის კედელი, ბირთვი, ციტოპლაზმა, ქლოროპლასტები, ვაკუოლი) არსებობა/არარსებობის მიხედვით და გამოსახონ შედეგები ვენის დიაგრამის საშუალებით;
  • ავალებს ჯგუფების წარმომადგენლებს პრეზენტაციის გაკეთებას.
  • რეფლექსიის მიზნით უჩვენებს კლასს ზემოთ აღნიშნული ოთხი სა­ხის უჯრედის გადიდებულ გამოსახულებებებს და სთხოვს ამოიცნონ უჯრედული სტრუქტურები. ამოცნობის შემდეგ მათ უნდა შეავსონ ცხრი­ლი მოცემული ნიმუშის მიხედვით + და – ნიშნებით, ინდივიდუალურად, გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის საფუძველზე.

უჯრედის მახასიათებლები 

  • ბოლო ეტაპზე გამოაქვს შევსებული ცხრილის სწორი ვერსია და სთხოვს მოსწავლეებს შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი. 

ცხრილის შევსებული ვერსია:

შევსებული ცხრილი

მოსწავლეების ტიპური შეცდომები:

მოსწავლეები ანსხვავებენ პრო- და ეუკარიოტებს ბირთვის არსებობის, ან არარსებობის მიხედვით, სხვა განმასხვავებელი ნიშნები (ზომა, მემბრანული ორგანოიდები) რჩება ყურადღების მიღმა; ხშირია პროკარიოტების გაიგივება ზოგადად, ერთუჯრედიან ორგანიზმებთან.

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ვიდეომასალა პრო- და ეუკარიოტული უჯრედების განსხვავების შესახებ

უჯრედების მრავალფეროვნება

http://www.youtube.com/watch?v=4DWaAIVlW3k&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=IcevP5tkWH0&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=R4Yl9BgXOrM
http://www.youtube.com/watch?v=2H6tCEDov10&feature=related