აქტივობა 5. ტურისტული მარშრუტის შედგენა

შედეგი

გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში

 

ინდიკატორები

  • რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს;
  • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალებისა და სხვ.);
  • ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
  • ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
  • იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას;
  • მასშტაბის გამოყენებით განსაზღვრავს მანძილს გეოგრაფიულ ობიექტებს შორის;
  • პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას;
  • ტურისტული რუკების გამოყენებით ადგენს მარშრუტებს უცხო ქალაქში;
  • თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ლაშქრობის მარშრუტებს; განსაზღვრავს ლაშქრობის ხანგრძლივობას გადაადგილების სხვადასხვა საშუალებით და ადგენს გზამკვლევს;
  • განსაზღვრავს მიმართულებას კომპასის, ადგილობრივი ნიშნების, ციური სხეულების მდებარეობისა და აზიმუტის მეშვეობით.
 

რესურსები:

  1. მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები;
  2. რვეული, კალამი;
  3. დაფა და ცარცი;
  4. წყარო: ჟიულ ვერნის,,კაპიტან გრანტის შვილები”;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) _ მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე.
 

კავშირი სხვა საგნებთან:
 
ლიტერატურა
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

  1. გეოგრაფია არის არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც. ზოგადად დედამიწის აღწერა, ქვეყნების დახასიათება, მოსახლეობის კულტურისა და ადათ-წესების სათანადოდ გადმოცემა მოითხოვს დიდ შემოქმედებით და მხატვრულ ნიჭს. ამიტომ გეოგრაფებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი დიდი მწერლები, როგორებიცარიან ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი და ა.შ. მათი ნაწარმოებების საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და შევისწავლოთ სხვადასხვა ქვეეყნები.
  2. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შესადგენად შეიძლება მოსწავლეები გავიყვანოთ ბუნებაში, მოვაწყოთ ექსპედიცია. თემის განსაზღვრის შემდეგ შეირჩევა მარშრუტი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც. სასურველია გარემო, სადაც მათთვის საინტერესო ობიექტები იქნება (ტაძარი, გზა, ხიდი, რკინიგზა…), თავად შეარჩიონ. ექსპედიციისთვის ემზადებიან წინასწარ და განსაზღვრავენ, რა გააკეთონ, რა წაიღონ (ჩანაწერთა რვეული, კალამი, ფოტოაპარატი, სახაზავი, სანტიმეტრი, საგზალი). ნაწილდება მოვალეობებიც (ვინ ჩაატარებს აზომვებს, ვინ გააკეთებს ჩანაწერებს და ა.შ.).
  3. ექსკურსიები და თემატური ექსპედიციები მოსწავლეებს ეხმარება გაცილებით ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ გარემომცველი სამყაროს ობიექტებისა და მოვლენების მრავალფეროვნება, დაადგინონ მოვლენებსა და გარემოპირობებს შორის არსებული კავშირები. სწორედ ექსკურსიისა და ექსპედიციის დროს უვითარდებათ მოსწავლეებს ემოციურად პოზიტიურიდამოკიდებულება გარემოს მიმართ და შესაძლებლობა ეძლევათ, გაკვეთილზე ნასწავლი უშუალოდ დააკავშირონ რეალობასთან, აღიქვან გარემომცველი სამყარო, როგორც ერთი მთლიანობა, რომელშიც ყველა კომპონენტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მოსწავლეები ექსკურსიის დროს ერთდროულად სწავლობენ და ისვენებენ. ეს ხელს უწყობს ბუნების ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვებისა და შედარების უნარ-ჩვევების, გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის, ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან ტურისტული სააგენტოს თანამშრომლები. ტურიზმის დეპარტამენტი აცხადებს ტურისტული მარშრუტების კონკურსს. ჯგუფები რეგიონებს თავად არჩევენ. კონკურსში რომ გაიმარჯვონ, ჯგუფები პრობლემას შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ და დაგეგმონდაუვიწყარი მოგზაურობა.

 

კონკურსის პირობები:

    • განსაზღვრეთ მოგზაურობის საწყისი და ბოლო პუნქტი;
    • აირჩიეთ სეზონი;
    • შეადგინეთ წასაღები ნივთების სია;
    • განსაზღვრეთ, რამდენი ხნით მიდიხართ;
    • აირჩიეთ ტრანსპორტის სახეობა ან სახეობები;
    • დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი;
    • შეადგინეთ მარშრუტის რუკა და მასზე დაიტანეთ გასავლელი პუნქტები;
    • აირჩიეთ ერთი მოსალოდნელი დაბრკოლება და აღწერეთ, როგორ დაძლევთ მას;
    • შეაგროვეთ ცნობები გასავლელი პუნქტების შესახებ (გამოიყენეთ რუკა, ინტერნეტი, სახელმძღვანელო და ენციკლოპედია);
    • წარმოადგინეთ ნამუშევარი პლაკატის სახით, რომელიც შემდეგ რეკლამას გაუწევს თქვენს ჯგუფს. ასევე სასურველია სლაიდშოუ, რომლის საშუალებითაც მოხდება პრეზენტაცია.

პრეზენტაციას აფასებს “ტურიზმის დეპარტამენტის” წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც შედგება ყოველი ჯგუფის თითო წარმომადგენლისგან.