აქტივობა 5. შესაბამისი ეპოქის ამსახველი კინოფილმის განხილვა

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

ციფრული წიგნიერება, წიგნიერება

 

რესურსები:

ბ. ხოტივარის მხატვრული ფილმი “დემეტრე მეორე”

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ხელოვნება, გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება, თუკი ქართული ენისა და ლიტერატურის მასალის განხილვას ზოგჯერ კინოფილმის განხილვით შევცვლით – იმის გათვალისწინებით, რომ კინოფილმებს თითქმის ყველა ბავშვი უყურებს.

საბედნიეროდ, თანამედროვე ეტაპზე მრავლად არსებობს ისტორიული რეალობის ამსახველი ფილმები, რომლებიც მოსწავლეებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია.

თუკი თქვენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ასეთი ფილმების ერთგვარ კატალოგს შეადგენთ და კლასში მათი განხილვის ტრადიციას დაამკვიდრებთ, ეს მასალის სწავლების კარგ საშუალებას მოგცემთ. კერძოდ:

შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ აღნუსხოთ კურიკულუმით გათვალისწინებული ისტორიული ფაქტები; დასვათ სადისკუსიოდ საკითხი: რა არის ამ მხატვრულ ფილმში ისტორიული რეალობა და რა არის რეჟისორის ინტერპრეტაციის ნაყოფი; ასევე კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ ფილმში გამოყენებულ დეკორაციებზე, ან, რაც კიდევ უფრო უკეთესია, ამ კუთხით დაშვებულ შეცდომებზე.

ასევე გექნებათ საშუალება მოსწავლეებს ჰკითხოთ, რომელი ისტორიული ეპოქის გაცოცხლებას ისურვებდნენ ისინი, რეჟისორები რომ ყოფილიყვნენ. ეს მათ თავიანთი ფანტაზიის გამოვლენის საშუალებას მისცემს.

ასეთი დისკუსიები დიდხანს დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში; ისევე, როგორც ადვილად არ მიეცემა დავიწყებას ასეთ პირობებში ნახსენები ისტორიული ფაქტები.

წინამდებარე გზამკვლევში შეძლებისდაგვარად მობილიზებულია იმ ფილმების ჩამონათვალი, რომელიც ხელმისაწვდომია და უპრიანია ამ ასაკის მოსწავლეებთან გამოსაყენებლად; ამიტომ გთავაზობთ აღნიშნული კატალოგის გამოყენებას. თუმცა, ბუნებრივია, თითოეულ პედაგოგს შეუძლია თავადაც მოიძიოს ფილმი, რომელიც თემატურად გამოადგება.

ნიმუშის სახით გთავაზობთ შეარჩიოთ ფილმი “დემეტრე მეორე”. ეს ფილმი ყველაზე ეფექტურად მე-9 კლასში, შესაბამისი ეპოქის შესწავლისას შეიძლება გამოიყენოთ. კურიკულუმის მიხედვით, მოსწავლეებს მონღოლების შესახებ წინა კლასებშიც აქვთ წარმოდგენა შექმნილი, მაგრამ საქართველოს ისტორიის კურსში მონღოლების იმპერიასთან საკუთარი სამშობლოს ურთიერთობებისა და საქართველოსთვის თავდადებული მეფის ისტორია მათთვის უფრო ყურადსაღები მე-9 კლასში იქნება.

ფილმის ჩვენების შემდეგ მოაწყვეთ განხილვა: ჰკითხეთ, რა მიიჩნიეს მათ ისტორიულ რეალობად და რა ჩათვალეს რეჟისორის ინტერპრეტაციის ნაყოფად; მათი აზრით, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ რეჟისორმა დამაჯერებლად შეძლოს ეპოქის გაცოცხლება, რამდენად ადეკვატურად მიაჩნდათ მათ ფილმში გამოყენებული ლექსიკა და კოსტიუმები, რამდენად შთამბეჭდავია დეკორაციები; როგორია რეჟისორის მიერ დანახული დემეტრე მეორე და შეესაბამება თუ არა ის ისტორიულ წყაროებში აღწერილ პიროვნებას; შეესაბამება თუ არა რეჟისორის მიერ აღწერილი დემეტრე მათ წარმოსახვაში არსებულ მეფეს; რეჟისორი რომ იყოთ, შეიტანდით თუ არა კორექტივებს ამ ფილმის რომელიმე სცენაში ან ზოგადად ფილმის კონცეფციაში, თუ ამას გააკეთებდით, კონკრეტულად, რას შეცვლიდით და ა.შ.

შეგიძლიათ ბავშვებს ნებისმიერი კითხვა დაუსვათ, რომელიც ფილმის განხილვაში გამოგადგებათ. შეგიძლიათ შემოქმედებითად მიუდგეთ ამ საკითხს და მოიგონოთ თქვენი საკუთარი ვარიანტები. ეს აქტივობა, ვფიქრობთ, მოსწავლეებს მე-13 საუკუნის საქართველოს ისტორიის მძიმე ფურცლების მიმართ ყურადღებას უფრო გაუმახვილებს. თანაც ფილმით თვალნათლივ დაინახავენ იმ განსხვავებას, რომელიც არსებობდა მონღოლებსა და ქართველებს შორის რელიგიის, ჩაცმულობის, კულტურის, ყოფა-ცხოვრების კუთხით; გაიაზრებენ, რა სიმძიმის მოვლენა იყო მონღოლური დაპყრობები, რომელიც ამდენ ადამიანურ და ყველა სახის რესურსს ისრუტავდა საქართველოდან (ისევე, როგორც სხვა დაპყრობილი ქვეყნებიდან). სავარაუდოდ, იმსჯელებენ იმაზეც, რამ განაპირობა და რამ აიძულა ახალგაზრდა მეფე, რომლისთვისაც უცხო არ იყო ადამიანური სისუსტეები, ის ნაბიჯი გადაედგა, რაც გადადგა; ჩაუღრმავდებიან საკუთარი ქვეყნის ისტორიას და იმსჯელებენ, რა მოვალეობები აკისრია ქვეყნის, მით უმეტეს, პატარა ქვეყნის მმართველს და ა.შ.