აქტივობა 47. სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საცხოვრისის აღწერილობის შედგენა

შედეგი:

ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია, ეკოლოგიური კომპეტენცია, ციფრული წიგნიერება, მედია-წიგნიერება

 

რესურსები:

რუკა, ილუსტრაცია (სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლის თვითნაკეთი მაკეტები)

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია, ხელოვნება

 

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ეპოქის საცხოვრისის ჩამოთვლა. ამ აქტივობით ისინი მიეჩვევიან საცხოვრისის ფუნქციური დატვირთვის გააზრებასა და ყოფით დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოებისა და მისი ყოფა-ცხოვრების შესწავლისას. ბუნებრივია, მოსწავლეებს პირველ ეტაპზე რაიმე გამორჩებათ ჩამონათვალში, ან თავად საცხოვრისის ტიპები შეიძლება ვერ დაალაგონ ეპოქების შესაბამისად და ა.შ. ამის შემდეგ თქვენ მათ შესთავაზეთ სხვადასხვა ეპოქის საცხოვრისის რამდენიმე ტიპი.

აქტივობის კონკრეტული ნიმუში:

ა) ციხე-დარბაზი - გალავნით გარშემორტყმული გამაგრებული საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელშიც ერთი წარჩინებული ოჯახი და მისი მომსახურე გლეხები ცხოვრობდნენ. გალავნის შიგნით მთავარი შენობა სასახლე იყო. ახლოს იდგა ეკლესიაც.

მაგალითი: სხვილოს ციხე-დარბაზი ქართლში, მაღალი ქედის ბოლოში არის აღმართული და მდ. ლეხურას ხეობას გადმოჰყურებს. სხვილოს ციხე-დარბაზის გარშემო მთები არ არის და საკმაოდ ადვილად მისადგომია, ამიტომ მის დასაცავად განსაკუთრებით მაღალი და მტკიცე კედლები აუგიათ. მათი სიმაღლე ათ მეტრს აღწევს, სიგანე კი – ორ მეტრს. ციხე გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმისაა. ციხის კედელს ერთადერთი შესასვლელი აქვს და ის მიწის დონიდან ორი მეტრის სიმაღლეზეა. შესასვლელში ხის კიბით შედიოდნენ, საჭიროების შემთხვევაში კიბეს აიღებდნენ და ციხეში მოხვედრა შეუძლებელი ხდებოდა. ციხის კედლის კუთხეებში ხუთსართულიანი კოშკები იყო ჩაშენებული. კოშკის კედლებს დატანებული ჰქონდა სარკმელები შორს სასროლი იარაღის გამოსაყენებლად; ამიტომ კოშკის ყველა სართულიდან შეიძლებოდა ბრძოლის წარმოება, ბოლო სართულიდან კი – ძალზე შორეული ადგილების დაზვერვა. ამ სართულზე კედელში დატანებული იყო სალოდეებიც. ციხის შიდა ტერიტორიაზე, ერთმანეთთან ძალიან ახლო-ახლო, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები იდგა: საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, ბეღელი, წყალსაცავი და სხვ.

 

სხვილოს ციხე

შატო გილარდი

 

  • სთხოვეთ მოსწავლეებს, მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მეორე ციხე-დარბაზის შესახებ და მოახდინონ ამ ორი ფოტოს შედარება; რა მსგავსების გამოვლენა შეიძლება ამ ტიპის საცხოვრისებში?
  • რომელ ეპოქას მიეკუთვნება მსგავსი ტიპის საცხოვრისი? რატომ?
 

) სასახლე – აქ შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ ციხე-დარბაზების ეპოქა დასავლეთ ვეროპაში შუა საუკუნეების მიწურულისთვის დასრულდა და მათ ადგილას წარმოიშვა სასახლეები. ისევე როგორც ციხე-დარბაზი, სასახლეც, ბუნებრივია, არისტოკრატიული ოჯახის სამფლობელო იყო (მონარქი, მთავარი, ჰერცოგი და ა.შ.). სასახლეც კომპლექსური ნაგებობაა, თუმცა თვალში საცემია, რომ აქ კლებულობს თავდაცვითი ნაგებობების ხვედრითი წილი. აღსანიშნავია, რომ ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში, ქვეყნის ისტორიულ-სოციალური ვითარების გამო, ლამის XIX საუკუნემდე, ფეოდალური სასახლე ვერ გამოეთიშებოდა სიმაგრეს, ვერ უგულებელყოფდა თავდაცვით საშუალებებს.

მაგალითი: ქვემოთ გთავაზობთ დადიანების სასახლისა (მე-19 საუკუნე) და ფონტენებლოს სასახლის ფოტოებს (მე-16 საუკუნე). ეს უკანასკნელი იმ სასახლეთაგანია, რომელიც თავდაცვითი ნაგებობების გარეშეა წარმოდგენილი.

  • ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ესახებათ იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც ფეოდალურ-არისტოკრატიული საცხოვრებელი სასახლედ გარდაიქმნა და მას თავდაცვითი ნაგებობები მოშორდა;
  • რა ფუნქციები დარჩა, მათი აზრით, მოგვიანო ხანის სასახლეს?
  • რამ განაპირობა ევროპაში სასახლის გამოყოფა თავდაცვითი ნაგებობებისგან? რატომ ვერ მოხერხდა ეს საქართველოში მე-19 საუკუნემდე?
 
დადიანების სასახლე
 
ფონტენებლოს სასახლე
 

) მონასტერი – ერთი და იმავე წესდებით მცხოვრები რელიგიური თემის სალოცავი და საცხოვრებელი კომპლექსი. მონასტრის ყველა ბერს თავისი საცხოვრებელი “სენაკი” ჰქონდა. ბერებს სენაკებში ჭამის უფლებაც არ ჰქონდათ. საკვებს ყველა ერთად “სატრაპეზოში” იღებდა. მონასტერში ლოცვისა და ღვთისმსახურების გარდა, მწიგნობრულ საქმიანობასაც მისდევდნენ. ხშირად მონასტრებში ცალკე იყო გამოყოფილი ავადმყოფთა სამკურნალო ადგილი. ბევრ მონასტერს თავისი მეურნეობაც ჰქონდა. შესაბამისად, მონასტერი არის ბერ-მონაზონთა საეკლესიო და საადგილმამულო მრავალფუნქციური კომპლექსი.

მაგალითი: შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო.

 

ფოტო 1

ფოტო 2