აქტივობა 46. ისტორიულ პირთათვის ნეკროლოგის ან სასაფლაო ეპიტაფიის შედგენა

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტები: წიგნიერება, მედია-წიგნიერება

 

რესურსები:

ცნობილი ნეკროლოგები და ეპიტაფიები

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელს შეუძლია ისტორიული პირების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს ეპიტაფიის ან ნეკროლოგის სახით. აუხსნას მათ, რა სახის ინფორმაციის შემცველი იყო ერთი თუ მეორე და დაეხმაროს იმის გააზრებაში, რატომ შეიძლება იყოს ნეკროლოგი/ეპიტაფია ფასეული ისტორიული წყარო.

მოსწავლეებს შეეკითხეთ, რაიმეზე ხომ არ მიანიშნებს მათ ცნებები: ნეკროლოგი და ეპიტაფია; თუკი ბავშვებმა ასე თუ ისე მაინც სწორად ახსნეს მათი მნიშვნელობა, შემდგომ დაეკითხეთ, რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის. მოისმინეთ მათი მოსაზრებები და მერე კარგად განუმარტეთ ამ ცნებების მნიშვნელობას:

ეპიტაფია (ბერძ.) ძირითადად საფლავის ქვაზე წარწერილი გამოთქმა, შესრულებული პროზაული ან პოეტური ფორმით (თავდაპირველად სრულდებოდა, როგორც გამოსათხოვარი სიტყვა სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა პატივსაცემად).

ნეკროლოგი (ბერძ.) ინფორმაცია ვინმეს გარდაცვალების შესახებ; შეიცავს ცნობებს გარდაცვლილის მოღვაწეობის, საზოგადოების წინაშე მისი დამსახურების შესახებ, გარდაცვალების მიზეზებს და ა.შ., ასევე თანაგრძნობის გამომხატველ ნოტებს. თანამედროვეობაში საგაზეთო ჟურნალისტიკის ჟანრია.

ამ განმარტებების შემდგომ მოსწავლეებს ჰკითხეთ, როგორ წარმოუდგენიათ, დღეს რომელი ფორმაა უფრო გავრცელებული? რატომ? ისტორიული ფიგურის რომელი ფორმით მოხსენიება მიაჩნიათ უფრო მიზანშეწონილად? და ა.შ.

შემდგომ აჩვენეთ დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, შესრულებული არსენ იყალთოელის მიერ:

 

“ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს’’.

 

კარგი იქნება, თუ ბავშვებს შედარებით თანამედროვე ეპოქის რომელიმე ცნობილი ისტორიული პირის ნეკროლოგსაც შესთავაზებთ. მოუწოდეთ მათ, იმსჯელონ, რა ინფორმაციის ამოკრებაა შესაძლებელი შემოთავაზებული მაგალითებიდან, რამდენად ადეკვატურია იგი, ხომ არ არის გაზვიადებული ან შენიღბული ინფორმაცია, ან შესაძლებელია თუ არა, ასეთ რამეს ადგილი ჰქონდეს ან ერთი, ან მეორე სახის გარდაცვალებულთა მოსახსენიებელ ფორმაში? ჰკითხეთ, როგორ ფიქრობენ, რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს ასეთი ლაკონური ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდებული?

შეაჯამეთ გამოთქმული მოსაზრებები და დაავალეთ მათთვის სასურველ ისტორიულ პირზე შეადგინონ ნეკროლოგი ან ეპიტაფია.