აქტივობა 45. სიტყვით გამოსვლა

შედეგი:

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

ნაწყვეტები სხვადასხვა ცნობილი ორატორების გამოსვლებიდან

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ რომელიმე, სათანადო უნარის მქონე, მოსწავლეს სიტყვით გამოვიდეს კლასის წინაშე. მან შესაძლოა მხედართმთავრის ან უბრალოდ ორატორის როლი მოირგოს. წინასწარ გაესაუბრეთ მას და უთხარით, რა აქცენტები უნდა გააკეთოს საჯარო გამოსვლისას.

ასეთი აქტივობები მოსწავლეებს კარგად ამახსოვრდებათ.

მაგალითად, შესთავაზეთ აიეტისა და ფარტაძის გამოსვლები ლაზი დიდებულების წინაშე; ანტიკური ეპოქის ცნობილი მოღვაწისა და ორატორის, ათენის დემოკრატიის ლიდერის, პერიკლეს სიტყვა ათენის მოქალაქეების წინაშე; ასევე უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსისა და ორატორის, უინსტონ ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში ანუ მისი სიტყვა ცივი ომის დაწყების თაობაზე.

წარმოდგენილი სიტყვების მომზადებისას მოსწავლეებს უნდა მიუთითოთ, მის რომელ ნაწილზე გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტი, წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, რა წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში ორატორის მიზანს – მაგალითად, პერიკლეს შემთხვევაში ეს არის ათენელებისათვის მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაღვივება; აიეტისა და ფარტაძის შემთხვევაში –ლაზიკაში ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის ბატონობის ნეგატიური შედეგების ჩვენება და საგარეო ორიენტაციის კურსის განსაზღვრა; ჩერჩილის შემთხვევაში – მსოფლიოსათვის საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის ჩვენება.