აქტივობა 43. იპოვეთ ანაქრონიზმები

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიცირება და მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების გააზრება.

ისტ.VIII.16.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.17.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან: სემიოტიკური კომპეტენცია

 

რესურსები:

ფოტომასალა

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

ანაქრონიზმის ფენომენის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლის პროცესში. სკოლაში ქვემოთ შემოთავაზებული აქტივობის განხორციელება ორმაგად სასარგებლოა: ა) მისი საშუალებით მოსწავლეები ანაქრონიზმის ცნებას გაეცნობიან; ბ) აღნიშნული აქტივობა მათ უკვე ცნობილი ისტორიული ფაქტების გახსენებისა და გაანალიზების საშუალებას მისცემს.

მის განსახორციელებლად საჭიროა მოსწავლეებს ანაქრონიზმებით დატვირთული სურათი უჩვენოთ და დაუსვათ შეკითხვა: შეესაბამება თუ არა იგი ისტორიულ რეალობას? როდესაც ამ კითხვაზე ნეგატიურ პასუხს მიიღებთ, მოსწავლეებს გამოთქმული მოსაზრების დასაბუთება უნდა მოსთხოვოთ.

მაგალითად: სიმართლეა თუ არა, რომ ამ ფოტოზე (N1) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცებია ასახული?

სურათი 1

 

ამ სურათზე არსებული ანაქრონიზმების პოვნა ძალზე მარტივია. მისი ჩვენების შემდეგ შეგიძლიათ მოსწავლეებს იმავე ტიპის უფრო რთული დავალებებიც მისცეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ 1493 წლის ნიურნბერგის ქრონიკაში მოცემული წარღვნის სურათი (N2) და სთხოვოთ დაასაბუთონ, რატომ ვერ იქნება ილუსტრაციაზე მოცემული გემი ნოეს კიდობანი:

 

სურათი 2