აქტივობა 41. საკუთარი გერბის (ემბლემის) შექმნა

შედეგი:

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო- მმართველობითი სტრუქტურები.

 

შენიშვნა:

  1. გონებრივი იერიში, კეთებით სწავლა, თვალსაჩინოებაზე მუშაობა;
  2. გამჭოლი პრიორიტეტებიდან ეხმიანება: სემიოტიკურ, სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს.
 

რესურსები:
ფურცელი, ფანქარი, ფლომასტერი, საშლელი, ტუში, საღებავი
 
 

კავშირი სხვა საგნებთან:
გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება
 
 

აქტივობის აღწერა:

გერბი თანამედროვე სიმბოლიკის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეებს, როგორც წესი, მის შესახებ საკმაო ინფორმაცია აქვთ. ამიტომ მათთვის საინტერესო იქნება, თუკი შემდეგი აქტივობის განხორციელებას შევთავაზებთ:

დაავალეთ მოსწავლეებს შექმნან თავიანთი ჯგუფის, კლასის ან თუნდაც სკოლის გერბი (ემბლემა). გამოუცხადეთ, რომ შემდეგ გაკვეთილზე საკონკურსო წესით რომელიმე მათგანის ნაშრომს “ოფიციალური” სტატუსი მიენიჭება. ამასთან, აუხსენით ისიც, რომ გერბი განსაკუთრებული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს და არ უნდა წარმოადგენდეს ფერებისა და ნახატების არაფრისმეტყველ კომბინაციას.

დავალების შესრულების შემდეგ ყველა მოსწავლეს საშუალება მიეცით დაახასიათოს საკუთარი ნაშრომი. ეს მათ ჰერალდიკისა და სიმბოლიკის საფუძვლების გაგებაში დაეხმარება. ამასთან, ამგვარი აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ საყოველთაოდ ცნობილ სიმბოლოებზე იმსჯელოთ და ამ კონტექსტში მოსწავლეებს ბევრი ახალი ინფორმაცია მიაწოდოთ.

ვიდრე მოსწავლეებს ზემოთ აღწერილ დავალებას მისცემდეთ, ჰერალდიკის საფუძვლების უკეთ გაგების მიზნით, შეგიძლიათ აჩვენოთ მათ ლანკასტერების, იორკებისა და ტიუდორების გერბების ილუსტრაციები და მოუყვეთ მათი ისტორია.

გერბების ილუსტრაციები

სურათების ჩვენების შემდეგ დაუსვით მათ შეკითხვა: რა არის გერბი? მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ ამაზე პასუხი, შეძლება – არა, მაგრამ მოსაზრებები აუცილებლად ექნებათ. მოახდინეთ მათი მოსაზრებების შეჯერება და განუმარტეთ ეს ტერმინი:

გერბი _ ემბლემა, განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც გადადის მემკვიდრეობით. მასზე ხშირად გამოსახულია ის ნივთები, რაც სიმბოლურად უკავშირდება გერბის მფლობელს. გერბი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ქალაქს, წოდებას, ქვეყანას და ა. შ.

გერბები წარმოიშვა ევროპაში. ჰერალდიკა გერბების შემსწავლელი ისტორიული დისციპლინაა. (აქვე დაავალეთ მოსწავლეებს თავად მოიძიონ ჰერალდიკის მნიშვნელობა და დაუკავშირონ ახსნილ მასალას).

სასურველია ამ აქტივობას მაშინ მიმართოთ, როდესაც მე-7 კლასში გადიხართ თემას დინასტიურ ომზე – ვარდების ომი”.

ვინაიდან უკვე ახსნილი გაქვთ, რომ გერბი გარკვეული შინაარსის შემცველია, სთხოვეთ მოსწავლეებს, დააკვირდნენ წარმოდგენილ გერბებს და გამოიტანონ დასკვნა: რატომ ჰქვია ამ დინასტიურ ომს “ვარდების ომი”? სთხოვეთ გამოთქვან მოსაზრება, რატომ შეიძლება მომხდარიყო, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ დინასტიას თავის სიმბოლოდ ვარდი აერჩია? ვინაიდან ამაზე პასუხი ბავშვებს, სავარაუდოდ, არ ექნებათ, აუხსენით, რომ ორივე დინასტია თავის დინასტიურ საფუძვლებს ინგლისში მანამდე არსებული მმართველი დინასტიიდან, კერძოდ კი, ედუარდ მესამე პლანტაგენეტიდან იღებდა, რომლის ორიფლამზეც (სამეფო დროშაზე) ვარდი იყო გამოსახული (მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ სქემითაც აუხსნათ ორივე დინასტიის ჩამომავლობა ედუარდ მესამიდან).

სქემა 1

ორივე დინასტია თავს პლანტაგენეტების მემკვიდრედ და, შესაბამისად, ტახტზე სრულფასოვან კანდიდატად მოიაზრებდა და ეს სიმბოლური ნიშნებითაც გამოიხატა, თუმცა ვინაიდან ორივე დინასტიამ პლანტაგენეტების სიმბოლო – ვარდი იმემკვიდრა, ერთი დინასტია წითელი ვარდით იყო წარმოდგენილი (ლანკასტერები), ხოლო მეორე– თეთრით (იორკები).

შემდეგ გამოჰკითხეთ მესამე სიმბოლოს – ტიუდორული ვარდის შესახებ. მოსწავლეები იოლად შენიშნავდნენ, რომ იგი თეთრ-წითელია. სთხოვეთ ახსნან, მათი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ეს? უამბეთ ვარდების ომის შედეგზე – ლანკასტერთა ნათესავმა ჰენრი ტიუდორმა მოახერხა ამ ომში გამარჯვება, ცოლად შეირთო იორკების პრინცესა, შეარიგა ორი დაპირისპირებული გვარი და ომის დასრულება სიმბოლურადაც ამგვარად გამოიხატა.

გერბის განმარტებიდან მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ის არა მხოლოდ დინასტიებს და ადამიანებს შეიძლება ჰქონოდათ. ახლა სთხოვეთ მათ საკუთარი კლასის ან სკოლის გერბები შექმნან. მათი ნაშრომი უფრო ღირებული რომ იყოს, მიუთითეთ მოიძიონ ოქსფორდისა და კემბრიჯის კოლეჯების გერბები, რომლებიც შუა საუკუნეებში შეიქმნა და ახლაც ძალაშია.