აქტივობა 4. შესაბამისი ეპოქის ლიტერატურული ძეგლების განხილვა

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობათა კვლევა.

ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.VIII.17. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

წიგნიერება, მედიაწიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კონკრეტული ნიმუშები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა


აქტივობის აღწერა:

სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოები ერთადერთი წყარო არ არის, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე წარსული ეპოქების შესახებ იღებს ინფორმაციას. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ხშირად მომიჯნავე საგნები (მაგალითად, ისტორია და ქართული ლიტერატურა) ერთსა და იმავე მოვლენას აშუქებენ, თუმცა სრულიად სხვადასხვა მიზნით.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ძალიან კარგი იქნება, თუ ქართული ლიტერატურის პროგრამიდან შეარჩევთ თხზულებებს, რომლებიც თქვენთვის კონკრეტულ მომენტში საინტერესო თემასაც შეეხება და რომელთა სწავლასაც საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაც ითვალისწინებს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ბევრი ისეთი ლიტერატურული თხზულების სწავლაა გათვალისწინებული, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის ან ისტორიული პიროვნების შესახებ პირდაპირ მინიშნებებს შეიცავს. ასეთი თხზულებების უბრალო ხსენებაც კი ძალიან ეფექტურია, რადგან მოსწავლეებს სხვა საგნის პროგრამით გათვალისწინებული მასალის მოყოლით ისტორიის გაკვეთილზე თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ. მსგავსი პარალელების რეგულარულად მოხმობა და, მით უფრო, ასეთი თხზულებების ისტორიულ კონტექსტში ანალიზისთვის გაკვეთილზე დროის დათმობა გააღრმავებს ამა თუ იმ ეპოქის შესახებ მოსწავლეთა ცოდნას და უფრო სრულყოფილს გახდის მათ წარმოდგენას ისტორიული წყაროების მრავალფეროვნების შესახებ.

ამ აქტივობის განხორციელებისთვის სასურველია ისტორიის პედაგოგები აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან და ეცნობოდნენ იმ მასალას, რაც ისწავლება ამ საგანში საბაზო საფეხურზე. საგულისხმოა, რომ დავით გურამიშვილის “ქართლის ჭირი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა”, აკაკი წერეთლის “თორნიკე ერისთავი” და “ბაში-აჩუკი”, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდი იოსები”, ილია ჭავჭავაძის “ერი და ისტორია” სწორედ საბაზო საფეხურზე ისწავლება.

გაკვეთილების ეფექტურად წარსამართად თქვენ შეგიძლიათ მოიხმოთ ეს ლიტერატურული ნაწარმოებები მათში ასახულ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებაში. სთხოვეთ ბავშვებს გაიხსენონ სიუჟეტი და ამოკრიბონ ისტორიული ინფორმაცია ამ ნაწარმოებიდან. ჰკითხეთ მათ, არიან თუ არა მოხსენიებული ამა თუ იმ მოთხრობასა თუ პოემაში ისტორიული პერსონაჟები, აღწერილია თუ არა ისტორიული მოვლენები; რამდენად შეესაბამება ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები მათთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტებს. მიეცით ბავშვებს მსჯელობის საშუალება – რამდენად ღირებული, კარგი დამხმარე შეიძლება იყოს ლიტერატურული ნაწარმოები (ამ შემთხვევაში მხატვრული ლიტერატურა და პუბლიცისტიკა) ამა თუ იმ ეპოქის აღსაქმელად, ყველაზე მეტად რა კუთხით შეიძლება ავსებდეს იგი ეპოქის შესახებ ინფორმაციას და ა.შ.

)აკაკი წერეთლის “თორნიკე ერისთავი” [დავით კურაპალატის ეპოქის განხილვისას];

)აკაკი წერეთლის “ბაში-აჩუკი” [ქართველი ხალხის ბრძოლები ირანელთა წინააღმდეგ მე-17 საუკუნეში];

)დავით გურამიშვილის “ქართლის ჭირი” [ვახტანგ მეექვსის ეპოქასთან მიმართებით];

)ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა” [ერეკლე მეორის მეფობის ბოლო პერიოდის განხილვისას];

)ილია ჭავჭავაძის “ერი და ისტორია” [მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების შესწავლისას];

)კონსტანტინე გამსახურდიას “დიდი იოსები” [საქართველოს გასაბჭოების პერიოდის განხილვისას].

აქვე გვინდა გირჩიოთ, რომ გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო საფეხურზე არსებული მასალისა, რომელიც შესაბამისი ეპოქის უკეთ წარმოსაჩენად შეიძლება გამოგადგეთ, გამოიყენოთ და მოსწავლეებს შესთავაზოთ სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიც, ან გამოარკვიოთ, ხომ არა აქვთ რომელიმე წაკითხული. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს “დიდოსტატის მარჯვენა”, “ლახათ-ლუხუმი”, “იგი”, “ლამბალო და ყაშა”, “გმირთა ვარამი” და ბევრი სხვა რომანი თუ მოთხრობა წაკითხული ჰქონდეს. თუ თქვენ მათ “დახმარებას სთხოვთ” ეპოქის წარმოსაჩენად, ამით თქვენ ასეთ მოსწავლეს წაახალისებთ, იგი სიამოვნებით “შეასრულებს მასწავლებლის როლს” და გაუზიარებს თანატოლებს თავის ცოდნას. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ყველაზე კარგად მაშინ სწავლობს, როცა სხვას ასწავლის.

ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი ეპოქის ლიტერატურული ძეგლების განხილვას მსოფლიო ისტორიის სწავლებისასაც გამოიყენებთ. მართალია, აქ ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო საფეხურის საგნობრივი პროგრამა არ გამოგადგებათ, მაგრამ თუკი ბავშვებს გამოჰკითხავთ, ან ურჩევთ ზოგიერთ რამეს წასაკითხად, ან თუნდაც უბრალოდ მოუყვებით მათზე, უცხო ქვეყნის ერთ რომელიმე კონკრეტულ ეპოქას ძალიან მიმზიდველს გახდით მათთვის. მაგალითად, შუა საუკუნეების ეპოქის გაცნობისას შეგიძლიათ მოსწავლეებს უთხრათ, რომ ქართულ ენაზე არსებობს მე-15 საუკუნის ინგლისელი ავტორის, ტომას მელორის “წიგნი მეფე არტურისა და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ’’. მიუხედავად იმისა, რომ ტომას მელორმა მეფე არტურის შესახებ დაახლოებით 10 საუკუნის წინანდელი კელტური თქმულებები და ლეგენდები (კელტების თავგანწირული წინააღმდეგობა ანგლო-საქსების მიერ ბრიტანეთის კუნძულის დაპყრობისას) გადაამუშავა და მის ნაწარმოებს მაღალი შუა საუკუნეების ფრანგული რომანები დაედო საფუძვლად, ამ წიგნის დახმარებით მოსწავლეები მაინც შესანიშნავად შეძლებენ შუა საუკუნეების ეპოქის აღქმას.