აქტივობა 4. დავარწმუნოთ პატარები, დავარწმუნოთ დიდები

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ემსახურება ფუნქციური/მიზნობრივი ტექ­სტების წერის უნარ-ჩვევების განვითარებას; ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების, აგრეთვე დარწმუნების სტრატეგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას (სხვადასხვა აუდიტორიისათვის გამიზნული სარეკლამო ტექსტების შექმნის გზით). აქტივობა განავითარებს წიგნიერების, მედიაწიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევებს; გარკვეულ შემთხვევებში _ პლურილინგვური წიგნიერების უნარ-ჩვევებს (დარგობრივი ლექსიკის გამოყენების გზით). აქტივობა გამიზნული წერის წინა და წერის შემდეგომი ეტაპებისათვის.

 

აქტივობის მიზნები:

  • ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • დარწმუნების სტრატეგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კონკრეტული აუდიტორიის შესაბამისი ფუნქციური/მიზნობრივი ტექ­სტის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მუშაობა (I ეტაპი); წყვილური (III ეტაპი).

 

რესურსები:

წინასწარ შერჩეული სარეკლამო ტექსტები, საწერი ბარათები, დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს დარ­წმუნების სამ სტრატეგიას, სარეკლამო ტექსტის ძირითად მახასიათებლებს და შესთავაზებს მათ, დაწერონ 2 სარეკლამო ტექსტი: 1. რეკლამა, რომელიც ბავშვებისათვის იქნება გამიზნული; 2. რეკლამა, რომელიც უფროსებისათვის იქნება გამიზნული.

I ეტაპი _ მასწავლებელი დაფის ზედა ნაწილში გამოსახავს დარწმუნების სამ სტრატეგიას, შემდეგ დაფის თავისუფალ არეს გაყოფს ორ ნაწილად. მარცხენა სვეტში დაწერს: “ბავშვები”, მარჯვენა სვეტში _ “უფროსები”. გონებ­რივი იერიშის გზით, მთელი კლასის თანამონაწილეობით, დაიწყება მუშაობა სვეტების შევსებაზე. მარცხენა სვეტში ჩაიწერება, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვებისათვის/რა უყვართ ბავშვებს (მაგ., გართობა, თამაში, არდადეგები, სპორტი, ნაყინი, ტკბილი წვენი, სასუნავი, მისთ.), მარჯვენა სვეტში _ რა არის მნიშვნელოვანი უფროსებისათვის /რა უყვართ უფროსებს (ჯანმრთელი კვება, ჯანმრთელობის დაცვა, გემრიელი საკვები, პრესტიჟულობა, გარეგნული სილამაზე, მისთ.).

გონებრივი იერიშის დასრულების შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს შედეგებს. სავარაუდოდ, აღმოჩნდება, რომ სვეტებში არის როგორც საერთო, ისე განსხვავებული სიტყვები (მაგ., ჯანმრთელობის დაცვა, ნატურალური პროდუქტების გამოყენება, ზაფხულის არდადეგები, მისთ.). დარწმუნების სტრა­ტეგიების თვალსაზრისით კი გამოიკვეთება, რომ ბავშვებისათვის წამყვანია ემოციები, უფროსებისათვის კი _ სარწმუნოობა და ლოგიკა.

მასწავლებელი გააცნობიერებინებს ბავშვებს, რომ სარეკლამო ტექსტის დაწერისას მათ უნდა გაითვალისწინონ მიღებული შედეგები. ბავშვებისათვის გამიზნულ სარეკლამო ტექსტში ყურადღება უნდა მიექცეს ემოციურ მხარეს, უფროსებისათვის გამიზნულ ტექსტში კი _ სარწმუნოობასა და ლოგიკას.

II ეტაპი _ ამის შემდეგ იწყება მუშაობა სარეკლამო ტექსტის სამუშაო ვარიანტზე. ამისათვის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მოსწავლეებისათვის უკვე ნაცნობი სარეკლამო ტექსტი. იგი ხმამაღლა წაუკითხავს მოსწავლეებს ამ ტექსტს და შესთავაზებს მათ, შეუდარონ მასში ასახული ინფორმაცია სვეტების მონაცემებს.

მუშაობა უნდა დაიწყოს “უფროსების” სვეტით. ტექსტის და სვეტის მონაცემების ურთიერთშედარების გზით გაირკვევა, რომ აღნიშნული სარეკლამო ტექსტი, ძირითადად, აკმაყოფილებს “უფროსების” სვეტის მოთხოვნებს (სარწმუნოობა, სანდოობა, სოციალური პრესტიჟი, გარეგნული მხარე). ამდენად, მასწავლებელი მოსწავლეების თანამონაწილეობით, დაასკვნის, რომ აღნიშნული სარეკლამო ტექსტი უფროსებზეა გათვლილი.

ამის შემდეგ მუშაობა გაგრძელდება იმ მიზნით, რომ ტექსტი გადაკეთდეს ბავშვებისათვის. ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელს შეუძლია მოდელირების /ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის გამოყენებით დაფაზე დაწეროს ტექსტი ბავშვებისათვის (ბავშვებისათვის გადააკეთოს სამუშაო ტექსტი) _ გააძ­ლიეროს “ემოციის” მხარე.

 

ნიმუში. ტექსტი ბავშვებისათვის:

“გიყვარს გართობა? გინდა, რომ კბილების მოსაბეზრებელი გამოხეხვა ნამდვილ თამაშად გადაიქცეს? მაშინ გამოიყენე “ალუბლიკო” _ ახალი კბილის პასტა ბავშვებისათვის. აქაფებული “ალუბლიკოს” პაწაწინა ფერად-ფერადი ბუშტები გაგახსენებს მხიარულ გართობას საპნის ბუშტებით, ალუბლის სასიამოვნო გემო კი _ შენს საყვარელ ზაფხულის არდადეგებს. კომპანია “ABC” _ გავერთოთ ერთად!”

(გამოყენებულია მარცხენა სვეტის სიტყვები: გართობა, მხიარულება, არდადეგები, გემრიელი საკვები).

მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება გან­სხვავებულ ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე, რომლებიც გამო­ყენებულია 2 სარეკლამო ტექსტში. პატარების რეკლამა დაწერილია უშუალო სტილით, ენერგიული რიტმით (დიალოგური მეტყველება, შეკითხვების დასმა, მხოლობითი რიცხვის ზმნური ფორმების გამოყენება); უფროსების რეკლამა _ საინფორმაციო ტექსტის სტილის დაცვით. ბავშვებისათვის შექმნილ ტექ­სტში ამოღებულია მთელი რიგი სიტყვები/ფრაზები საწყისი ტექსტიდან. ესენია: ცნობილი საერთაშორისო კომპანია, ვიტამინები, თამამი ღიმილი (ვიზუა­ლური ეფექტი), ჯანმრთელობის დაცვა, რადგან ეს ინფორმაცია ბავშვისათვის ნაკლებად საინტერესოა. აქცენტი გაკეთებულია გართობაზე, მხიარულებაზე, თვით პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაც კი ტექსტში ჩნდება თანატოლის/მეგობრის სახით, რომელიც ბავშვებს ერთად გართობას სთავაზობს, პასტა კი მოწოდებულია, როგორც “კბილის პასტა ბავშვებისათვის”.

III ეტაპი _ მოსწავლეები დაიყოფიან წყვილებად. მასწავლებელი დაურიგებს მათ ბარათებს წინასწარ მომზადებული მოკლე სარეკლამო ტექსტით, რომელიც დიდებისთვის ან პატარებისთვისაა გამიზნული. მეწყვილეებმა უნდა გა­დააკეთონ ტექსტი, შესაბამისად, უფროსი ან უმცროსი ასაკის აუდიტო­რიისათვის. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თა­ვიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი მათ შეაფასებს პოზიტიური მხარეების გამოკვეთით. წარდგენას შეიძლება მიეცეს ერთგვარი შეჯიბრის სახეც, რომლის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევარი/ნამუშევრები.

საშინაო დავალების სახით მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, მოამზადონ 2 რეკლამა ერთსა და იმავე პროდუქციაზე/თემაზე: ერთი დიდებისათვის, მეორე პატარებისათვის. სარეკლამო ტექსტის მომზადებისას მოსწავლეებმა არ უნდა დაივიწყონ სარეკლამო ტექსტის შემქმნელის/ავტორის (კომპანიის, ორგანიზაციის, მისთ.) მითითებაც. შინ მუშაობის დროს მოსწავლეებს რეკლამის გასაფორმებლად შეუძლიათ გამოიყენონ სურათები, ფოტო­ები, მოამზადონ ნახატები, დახატონ “სარეკლამო პროდუქციის” მწარმოებელი კომპანიის ლოგო; შეარჩიონ მუსიკა, რომლის თანხლებითაც წაიკითხავენ 
ტექსტს და მისთ.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

20-25 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ფუნქციური ტექსტის გაანალიზება;
  • დარწმუნების სტრატეგიების გამოყენება;
  • ფუნქციური ტექსტის შექმნა მოდელის მიხედვით;
  • ფუნქციური ტექსტის შექმნა სხვადასხვა აუდიტორიისათვის;
  • ფუნქციური ტექსტის გაფორმება შესაბამისი დიზაინით.

 

მეთოდური მითითებები:

აქტივობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოსწავლეები კარგად გააცნობიერებენ დარწმუნების სტარტეგიებს; ექნებათ გარკვეული გამოცდილება სარეკლამო ტექსტების შეთხზვისა ე.წ. რიტორიკული სამკუთხედის გამოყენებით (იხ. ამასთან დაკავშირებით აქტივობა “ვქმნით რეკლამას”, ქართ. VII. 11, N1).

კავშირი სხვა საგნებთან: მუსიკა, ხელოვნება (სარეკლამო ტექსტის გაფორმება). ამას გარდა, აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც თანაბრად საჭიროა მეცნიერების ნების­მიერი დარგის შესწავლის დროს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 7, 8; ქართ. VII. 11, 12.