აქტივობა 4. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

შედეგი

  • მოქ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია სკოლის თვითმმართველობის დემოკრატიულ პროცესში ნაყოფიერი მონაწილეობა.
  • მოქ.X.3. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები. 
  • მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნვე- ლყოფის საშუალებები.


დრო

ერთი საათი

  

შენიშვნა

აქტივობის განხორციელებისთვის ხელშემწყობი იქნება ის გარემოება, რომ  სამოქალაქო განათლებას, ხშირად, ისტორიის მასწავლებლები ასწავლიან, რომლებსაც მოსწავლეებისთვის, ისტორიულ წყაროებთან  მიმართებაში,   მსგავსი დავალება არაერთხელ მიუციათ.

 

რესურსები

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის ამობეჭდილი ვერსია;
  • ფურცლები;
  • კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ისტორია

 

აქტივობის აღწერა:

X-IX კლასებში, როდესაც საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლება დამოუკიდებელი საგნის სახით ისწავლება, მოსწავლეებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი ისტორიულ წყაროებზე მუშაობის  ხერხები; ისტორიის გაკვეთილებზე მათ არაერთხელ აქვთ გარჩეული სხვადასხვა ხასიათის წერილობითი ისტორიული დოკუმენტები. შესაბამისად,  კარგი იქნება, მათი ეს უნარი სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესშიც გამოიყენოთ. 

მიეცით მოსწავლეებს დავალება − გაეცნონ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულას; შემდეგ კი პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც იმის განსაზღვრაზე იქნება ორიენტირებული, როგორ გაიგეს მათ დოკუმენტის ტექსტი. სავარჯიშოს შესაძლოა ასეთი სახე ჰქონდეს:

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია პრეამბულა

ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; და ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; და ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; და ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; და ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; და ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის, გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლე- ბათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქცი- ისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.

 

დოკუმენტის საფუძველზე უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს

ა) რა მიზეზებმა განაპირობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შექმნა? (3 ქულა)

ბ) რა მიზნებს  ისახავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია? (3 ქულა)

გ) რომელი საერთაშორისო ორგანიზაციაა მოხსენიებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტექსტში? (1 ქულა)

დ) თქვენი აზრით, როდის არის დაწერილი აღნიშნული დოკუმენტი? პასუხი დაასაბუთეთ. (3 ქულა)

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელება საშუალებას მოგცემთ მოსწავლეებს უფრო ნათლად დაანახოთ კავშირი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას შორის; მისცეთ მათ ისტორიის სწავლისას შეძენილი უნარებით თავის გამოჩენის შესაძლებლობა.