აქტივობა 40. სურათის “გაცოცხლება”

შედეგი:

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო- მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

  1. ეს აქტივობა, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც თვალსაჩინოებაზე მუშაობას, ისე როლურ თამაშს;
  2. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

რესურსები:
ფოტოები, ილუსტრაციები
 
 
კავშირი სხვა საგნებთან:
ხელოვნება, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება
 
 
აქტივობის აღწერა:

საბაზო საფეხურზე ისტორიის სწავლისას კარგი იქნება, თუ სასწავლო პროცესს იმგვარი აქტივობებით გავამდიდრებთ, რომლებსაც შემეცნებითთან ერთად გასართობი ხასიათიც აქვთ. მათი პერიოდული გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლის მოტივაციას. ასეთი აქტივობების არსს ისტორიული მოვლენების თანამედროვე ყოფით ელემენტებთან დაკავშირება წარმოადგენს. სურათის გაცოცხლება სწორედ ამგვარ აქტივობათა რიცხვს განეკუთვნება.

შეიტანეთ გაკვეთილზე სურათი, რომელზეც რომელიმე ისტორიული სიუჟეტია ასახული. აირჩიეთ კლასიდან იმდენივე მოსწავლე, რამდენიც ნახატზეა გამოსახული (ძირითადი პერსონაჟები მაინც). დაავალეთ მათ ინსცენირება იმ მომენტიდან და პოზიციიდან დაიწყონ, რომელიც სურათზეა აღბეჭდილი. სხვა მოსწავლეს კი სთხოვეთ ციფრული აპარატით ინსცენირების ამსახველი ფოტოების გადაღება. შემდეგ კი კლასის წინაშე ამ ფოტოების პრეზენტაცია მოახდინეთ.

ასეთი როლური თამაში მოსწავლეებს კარგად დაამახსოვრდებათ, რადგან აღბეჭდილი ფოტოების სურათთან შედარება მათზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

შევიტანოთ მოსწავლეებთან ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოს – ”საკადრისი პასუხი” – რეპროდუქცია (საქართველოს ისტორიის ალბომი, პლაკატი 2, თბ., 2004 წ.). სასურველია, რომ აღნიშნული აქტივობა დავამთხვიოთ იმ პერიოდს, როდესაც მოსწავლეები გადიან განვითარებულ შუა საუკუნეებსა და ე.წ. “ოქროს ხანას” საქართველოში. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მიზანია აღნიშნული რეპროდუქციის სწორედ მეორეულ წყაროდ გამოყენება.

მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული კითხვები ამ წყაროსთან დაკავშირებით, მაგალითად:

  1. წავიკითხოთ სურათის სათაური;
  2. რომელი გვირგვინოსანი შეიძლება იყოს გამოხატული ილუსტრაციაზე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
  3. რა ვიცით თამარ მეფის შესახებ წინა კლასებში გავლილი მასალიდან?
  4. ვინ არის ძირს გართხმული პიროვნება? რითი შეიძლება მიხვედრა, რომ ის უცხოელია?
  5. უპირებენ თუ არა ძირს გართხმულ უცხოელს მოკვლას? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
  6. ვინ არის ის პიროვნება, რომელიც თამარისგან ხელმარცხნივ დგას, კვერთხით?
  7. რომელი ადამიანი გამოიყურება ყველაზე მეტად აღშფოთებულად ილუსტრაციაზე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
  8. რა საქმიანობას შეიძლება ეწეოდეს ის პირი, რომელიც სურათზე მარჯვნივ ჩანს ხელმოღერებული? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
  9. რატომ აქვს თამარს ხმალი შემორტყმული წელზე?
  10. რა განწყობა იკვეთება მეფის სახეზე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
  11. რას გაეცა საკადრისი პასუხი? ვის უპყრია იგი ხელთ?

როდესაც მოსწავლეები სურათის მიხედვით ისტორიულ მომენტს “აღადგენენ”, შემდეგ შესთავაზეთ მისი გათამაშება და ისტორიული მომენტის “გაცოცხლება”.

თამარ მეფე