აქტივობა 38. ისტორიული შინაარსის პიესის დადგმა

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო- მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი კომპეტენციებიდან: წიგნიერება, პლურილინგვური კომპეტენცია

 

რესურსები:

ანტიკური წყაროების ამონარიდები, ქართველ და უცხოელ დრამატურგთა პიესები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

სიმულაციურ თამაშებს ისტორიის სწავლისას საკმაოდ ეფექტური შედეგების მოტანა შეუძლია. ისტორიის სწავლების პროცესში ცუდი არ იქნება, თუ რომელიმე ისტორიული თარიღის აღსანიშნავად სასკოლო ღონისძიებას მოაწყობთ, სადაც მოსწავლეები რომელიმე ისტორიული ეპოქის კოსტიუმებში იქნებიან გამოწყობილი. თუმცა, გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, თუ ამ ღონისძიებას მცირე ისტორიული სპექტაკლის სახე ექნება, სადაც ისტორიული პერსონაჟების როლებს სკოლის მოწაფეები მოირგებენ.

ასეთი აქტივობის განსახორციელებლად მთავარი სირთულე შესაბამისი სიუჟეტის შერჩევა და შესატყვისი ტექსტის დამუშავებაა. თუმცა, ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებთ, თუ ანტიკურ წყაროებს მიმართავთ. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდის ისტორიკოსები თავიანთ თხზულებებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ რომელიმე ღირსშესანიშნავ ისტორიულ მომენტში სხვადასხვა ცნობილი პირების დიალოგებს, რასაც ისინი ზოგჯერ ძალიან მაღალმხატვრული ოსტატობით გადმოგვცემენ. ამ აქტივობის განსახორციელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართველ მწერალთა დრამატურგიული თხზულებებიც.

მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებს თუკიდიდეს “პელოპონესის ომების ისტორია’’; ასევე, შეგიძლიათ გაათამაშებინოთ პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი” -ს რომელიმე გამორჩეული ეპიზოდი – ამ პიესის წყალობით ბავშვები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მნიშვნელოვანი მოვლენების “შუაგულში” იგრძნობენ თავს; ან კიდევ ოთარ ჭილაძის “წათეს წითელი წაღები” გაათამაშებინოთ და ისინი მეექვსე საუკუნის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის – ეგრისში მიმდინარე “დიდი ომიანობის” “თანამონაწილე” გახადოთ.

შენიშვნა: ამ თვალსაზრისით საჭირო ლიტერატურა შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევის რესურსთა ჩამონათვალში.