აქტივობა 36. თოქ-შოუ ისტორიულ თემაზე

შედეგი:

ისტ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო- მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

სწავლის სწავლა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

არანაკლებ საინტერესო იქნება, თუ მასალის უკეთ დასწავლის მიზნით მოსწავლეებს რომელიმე ისტორიულ საკითხზე დისკუსიის მოწყობას თოქ-შოუს ფორმატში შესთავაზებთ.

შეარჩიეთ სადისკუსიო თემა. ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელმაც საკითხი კარგად იცის, წამყვანობა შესთავაზეთ, ორ სხვა მოსწავლეს კი – რომელიმე მხარის პოზიციების გაშუქება. შეიძლება თითოეულ მოსწავლეს თავისი ინტერესების დამცველი ჯგუფებიც ჰყავდეს.

შეგიძლიათ ამგვარ დისკუსიას შუა საუკუნეების დისპუტის სახეც მისცეთ, მით უფრო მაშინ, როცა ამ ეპოქის თემატიკაა განსახილველი.

ეს აქტივობა საშუალებას მოგცემთ დისკუსიის მეთოდი უფრო ეფექტურად გამოიყენოთ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პრაქტიკისთვის.

მაგალითად, თოქ-შოუს თემად შეგიძლიათ აირჩიოთ რეფორმაცია გერმანიაში. ერთი მხარე აქ მარტინ ლუთერისა და მისი მომხრეების წარმომადგენელი იქნება. მათ კარგად უნდა ჰქონდეთ შესწავლილი, რა მანკიერებები ახასიათებდა კათოლიკურ ეკლესიას მეთექვსმეტე საუკუნეში და რამდენად საჭირო იყო მისი რეფორმირება.

მეორე მხარე ამ დისკუსიაში კათოლიკური ეკლესიის მომხრეებით იქნება წარმოდგენილი. ამ ბანაკის წარმომადგენლებს არგუმენტები უნდა ჰქონდეთ იმის დასამტკიცებლად, რაოდენ აუცილებელია კათოლიკური ეკლესიის დოგმატების დაცვა და რამხელა არეულობა მოუტანა გერმანიას რეფორმაციამ. კარგი იქნება, თუ მხარეები შესაბამისი ეპოქის მომხრეთა გამონათქვამებითაც “შეიარაღდებიან”.

ამავე თოქ-შოუში შეგიძლიათ ცალკე მხარედ ჰუმანისტებიც წარმოადგინოთ, რომლებიც არც კათოლიკურ ეკლესიას და არც რეფორმაციას მხარს არ უჭერდნენ. მათი ფუნქცია აქ მოწინააღმდეგეთა ურთიერთკრიტიკისთვის არგუმენტების შეშველება იქნება.