აქტივობა 35. რომელიმე ისტორიული პიროვნების წარმოსახვითი სასამართლო პროცესი

შედეგი:

ისტ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.

ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.12.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით მოაწყვეთ გაკვეთილზე რომელიმე ცნობილი პიროვნების იმიტირებული სასამართლო პროცესი. მიანიჭეთ ერთ-ერთ მოსწავლეს მოსამართლის, მეორეს – ბრალმდებლის, მესამეს კი – ადვოკატის ფუნქცია. შეარჩიეთ ნაფიცი მსაჯულები, რომლებმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.

კარგი იქნება, თუ აქტივობას იმ ისტორიული ეპოქის სასამართლო პროცესს დაამსგავსებთ, რომელშიც “გასასამართლებელი” პიროვნება ცხოვრობდა.

ეს აქტივობა საშუალებას მოგცემთ დისკუსიის მეთოდი უფრო ეფექტურად გამოიყენოთ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პრაქტიკისთვის.

მაგალითად, შეგიძლიათ სამსჯავროზე ერეკლე მეორის ფიგურა და მისი ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანოთ.

აქ ბრალმდებელი შეეცდება არგუმენტები მოაგროვოს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთთან ერეკლეს ურთიერთობა შეცდომა იყო, მაშინ, როცა ადვოკატი ამ გადაწყვეტილებაში პოზიტიური ნაბიჯების პოვნას შეეცდება.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრებებით არ შეზღუდავთ და მათ დისკუსიის მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში წარმართვის საშუალებას მისცემთ.