აქტივობა 34. ალტერნატიული ისტორია

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.13.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი კომპეტენციებიდან: წიგნიერება, მედია-წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

ფურცელი, ფანქარი

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობის უნარის განვითარების მიზნით მოსწავლისთვის ასევე კარგი იქნება, თუ შემდეგ აქტივობას მიმართავთ: სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი: მათი აზრით, რა მოხდებოდა, ესა თუ ის მოვლენა ისტორიაში სხვაგვარად რომ წარმართულიყო? მართალია, ისტორიის მსგავს ალტერნატიულ მოდელებს, როგორც წესი, ისტორიკოსები არ მიმართავენ, მაგრამ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად ეს ცუდი არ იქნება; მით უფრო, რომ ეს საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო გაამახვილოთ მათი ყურადღება ისტორიის საკვანძო მოვლენებზე.

ასეთი მაგალითების წარმოდგენა მრავლად შეიძლება. მაგალითად, მოსწავლეებს შეგიძლიათ დაავალოთ იმსჯელონ, რა მოხდებოდა, თუ, ვთქვათ, მუჰამედის ქადაგებებს წარმატება არ ექნებოდა? ჰენრი მერვეს 1534 წელს ანა ბოლეინთან გაყრა რომ არ გადაეწყვიტა? კორტესს ამერიკის ნაცვლად აფრიკის მიმართულებით რომ გაელაშქრა? ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონს რომ არ წაეგო? გიორგი მეშვიდეს თემურ-ლენგისთვის შეურიგებელი წინააღმდეგობა რომ არ გაეწია? და ა.შ.

რა თქმა უნდა, ასეთ კითხვებზე მოსწავლეთა პასუხების პროგნოზირება ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, ამ აქტივობის განხორციელების პროცესში თქვენი მოქმედება მაინც წინასწარ მოფიქრებული და კარგად გააზრებული უნდა იყოს. მოსწავლეთა პასუხებს შორის მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ შემდეგი ტიპის მოსაზრებებს:

ა)რომლებიც ისტორიული პირების მნიშვნელობას წამოწევენ წინ;

ბ)რომლებიც იმ პათოსითაა გამსჭვალული, რომ ცალკეულ ფაქტებს არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ისტორიის მსვლელობისათვის.

შემდეგ კი, ამ პასუხების გამოყენებით, უნდა იმსჯელოთ შემთხვევითობებისა და კანონზომიერებების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ეს აქტივობა, რომელიც ერთი შეხედვით ისტორიზმის პრინციპებს არღვევს, მისი შემეცნების კარგ საშუალებად გადაიქცევა.