აქტივობა 32. ეს დღე ისტორიაში

შედეგი:

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.12.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია, წიგნიერება, მედიაწიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

რვეული, პასტა, დიქტოფონი, კომპიუტერი (Powerpoint)

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება

 

აქტივობის აღწერა:

აირჩიეთ ერთი კონკრეტული დღე. კარგი იქნება, თუ იგი რომელიმე მოსწავლის დაბადების დღეს დაემთხვევა. წინასწარ გამოუცხადეთ მოსწავლეებს, რომ მათ სპეციალურად გამოყოფილ ფურცელზე ამ დღეს მომხდარი ყველა მოვლენა უნდა აღნუსხონ (რომელიმე ერთი მოსწავლის რედაქტორობით). აქ მათ ყველა სახის ინფორმაცია შეუძლიათ შეიტანონ – დაწყებული მოსწავლეთა შორის საუბრებიდან, დამთავრებული დღის საინფორმაციო ამბებით. ორ ან მეტ მოსწავლეს დაავალეთ ინდივიდუალურად, მაქსიმალური სიზუსტით კლასის ისტორიის ერთი დღის ჩაწერა.

მეორე დღეს მოახდინეთ ამ ნაშრომების პრეზენტაცია. შემდგომ პერიოდში კი შეამოწმეთ, რა ემახსოვრებათ ბავშვებს ამ დღის შესახებ და როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ ამ დღეს მომხდარ მოვლენებს.

ასეთი აქტივობის განხორციელება მოსწავლეს საშუალებას მისცემს კლასის ისტორია დაუკავშიროს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას, რაც, თავის მხრივ, შემდგომში კიდევ უფრო გაზრდის მის დაინტერესებას ამგვარი აქტივობით.