აქტივობა 3. ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა

მოსწავლეებს ვთხოვოთ, გაიხსენონ, საქართველოს რომელი მეფეები მოეწონათ ყველაზე მეტად. ასე დასმული საკითხი გაკვეთილს უფრო პოზიტიურს გახდის.

დავუშვათ, მოსწავლეებმა დაგვისახელეს და დაფაზე დავწერეთ მეფე ფარნავაზი, მეფე მირიანი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მეფე ერეკლე. ცხადია, ბავშვები ასე დალაგებულად ვერ ჩამოთვლიან, მითუმეტეს, რომ პასუხები მთელი კლასისაგან უნდა მივიღოთ. დაფაზეც მათი პასუხების მიხედვით ჩამოვწერთ ვერსიებს. როდესაც ჩამონათვალი დასრულდება, შევეცადოთ, დავალაგებინოთ თანმიმდევრობით. ამ ასაკში მათ თარიღების ზუსტი ცოდნა არ მოეთხოვებათ, ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს „მანამდე და მის შემდეგ”, „ადრე და გვიან”.

მივიღებთ ასეთ სკალას, რომელსაც გაკვეთილის ბოლოს ბავშვები რვეულებში გადაიტანენ.

 

აქტივობა 3. სკალა 1

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები

  1. დაფა და ცარცი;
  2. ისტორიული ატლასი;
  3. ქართული ენციკლოპედია;
  4. მოსასხამები, ზოგადად, ძველი დროის სიმულაციისთვის გამოსადეგი ტანისამოსი;
  5. თიხა;
  6. გუაშის საღებავები. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა;
  3. მათემატიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

როგორც წესი, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ ისტორიული პიროვნების პირადი და სახელმწიფოებრივი თვისებების ერთმანეთისაგან გარჩევა. როდესაც ვთხოვთ რომელიმე, თუნდაც მეფის შეფასებას, იწყებენ იმით, რომ ეს მეფე იყო ღონიერი, კარგი მეომარი, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უყვარდა თავისი სამშობლო და ა.შ..

ამ შემთხვევაში ისტორიის მასწავლებლის ამოცანაა, ასწავლოს ბავშვს პიროვნების დახასიათება მის მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით. აქ კარგად შემოდის ტერმინი „რეფორმა”. ვუხსნით მათ ამ სიტყვის მნიშვნელობას და არსს. პირველი მეფე, რომელსაც ვახასიათებთ, ფარნავაზია. მისი რეფორმები ძალიან კარგად ესმით ბავშვებს. ეს მოდელი მომდევნო მეფეების შემთხვევაშიც წარმატებულად მუშაობს.

სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც მოსწავლეებს უკვე დაუგროვდებათ ინფორმაცია საქართველოს მეფეების შესახებ, შეგვიძლია გავამეორებინოთ მასალა და თან დავალაგებინოთ ეს მეფეები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დროის ხაზზე. სასურველია, ამ აქტივობაში მთელმა კლასმა მიიღოს მონაწილეობა.