აქტივობა 3. მოვემზადოთ წერისათვის: ვირჩევთ თემას

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ე.წ. ფოკუსირებული თავისუფალი წერის ნიმუშს წარმოგვიდგენს და გამიზნულია წერის წინა ეტაპისათვის. აქტივობა ხელს უწყობს წერითი მეტყველების განვითარებას, ავითარებს ინფორმაციის დახარისხებისა და კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს; ააქტიურებს იდეების გენერირების პროცესს, ხელს უწყობს წერის პროცესის ეტაპებისა და წერის სტრატეგიების გაცნობიერებას, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • იდეების გენერირების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის დახარისხებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერის პროცესის ეტაპების გააზრება;
  • წერის სტრატეგიების გაცნობიერება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

რესურსები:

რვეული, საწერი კალამი.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ თხზულება ერთ-ერთ დღეზე, რომელიც მათ განსაკუთრებით დაამახსოვრდათ. მომავალი ნამუშევრის იდეის მოსაფიქრებლად კი მოაწყობს ე.წ. ფოკუსირებული თავისუფალი წერის ხანმოკლე სესიას. იგი წინასწარ გააფრთხილებს მოსწავლეებს დროითი რეგლამენტის შესახებ (5-10 წუთი). სესიის დაწყებამდე მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს ფოკუსირებული თავისუფალი წერის არსს (იხ. წერის მიმართულება, შესავალი ნაწილი, აგრეთვე ქვემოთ, პუნქტი “მეთოდური მითითებები”).

I ეტაპი _ მოსწავლეები შეუდგებიან წერას.

II ეტაპი _ დანიშნული დროის ამოწურვის შემდეგ შემდეგ მოსწავლე­ები გადახედავენ თავიანთ ნამუშევრებს და შეარჩევენ იდეას მომავალი ნამუშევრისათვის (არასაჭირო სიტყვებს გადახაზავენ).

III ეტაპი _ შერჩეული თემის შესაბამისად მოსწავლეები მოიფიქრებენ თავიანთი მომავალი ნამუშევრის სათაურს და შეადგენენ გეგმას, რომელშიც ჩამოწერენ მოვლენებს ქრონოლოგიის დაცვით. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარადგენენ ნამუშევრებს.

სახლში შესასრულებლად მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეადგინონ წერითი ნამუშევარი შერჩეული სათაურისა და გეგმის შესაბამისად.

 

ნიმუში. ფოკუსირებული თავისუფალი წერა (სტილი დაცულია)

“დღე რომელიც დამამახსოვრდა დამამახსოვრდა დღე. დაბადების დღე ახა­ლი წელი. კიდევ რა დღე შეიძლება? ფეხბურთზე რომ ვიყავი. კიდევ რა? კიდევ უნდა რაღაცა მოვიფიქრო დაბადების დღეზე დაწერს ალბათ ყველა. რაღაცა სხვა უნდა მოვიფიქრო. მოვიფიქრო. მოვიფიქრო. ახალი წელი რომ ავიღო დასაწერად ან ზღვაზე რომ ვიყავით, მაგრამ ერთი დღეა დასაწერი. რომელი ახალი წელი დავწერო ბაბუ რომ ჩვენთან იყო მაშინ ის რომ დავწერო? მაშინ ცოცხალი იყო. ბაბუ ბაბუ მოკლე რაღაცას დავწერ. რომ ახალ წელს ბაბუასთან ერთად შევხვდით. ვერაფერს ვერ ვფიქრობ. თან არ შეიძლება გაჩერება. აკვაპარკში რომ ვიყავით ყველანი ის ხომ არ დავწერო? ძაან კარგი იყო მაგრამ დიდი ხნის წინ იყო თან მაშინ ბევრი უნდა დავწერო. ბაბუ რომ ...”

 

ნიმუში. ნამუშევრის სათაური და გეგმა

“ახალი წლის დღეს”

  1. შარშანდელი ახალი წლის დილა.
  2. საახალწლო საჩუქრების მიღება. ბაბუას საჩუქარი.
  3. ნათესავების სტუმრობა.
  4. სადღესასწაულო სადილი.
  5. სასეირნოდ წასვლა ბაბუასთან ერთად.
  6. რითი იყო ეს ახალი წელი განსაკუთრებული.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

17-20 წუთი

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • იდეების გენერირება;
  • ინფორმაციის დახარისხება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • წერის სტრატეგიების გამოყენება.

 

მეთოდური მითითებები:

  • თავისუფალი წერა ერთ-ერთი საშუალებაა წერითი ნამუშევრისათვის საჭირო იდეების გენერირებისათვის. ზემოთ აღწერილი აქტივობა წარმოგვიდგენს ე.წ. ფოკუსირებული თავისუფალი წერის ნიმუშს (თავისუფალი წერა კონკრეტულ თემაზე). მასწავლებელი წინასწარ უნდა განუსაზღვროს მოსწავლეებს დრო თავისუფალი წერისათვის (მაგ., 5-10 წუთი). აუცილებელია, რომ წერის პროცესი მიდიოდეს შეფერხებების გარეშე, მშვიდ გარემოში. მოსწავლეები უნდა წერდნენ შეუსვენებლად, არ იფიქრონ გრამატიკული ნორმების დაცვაზე _ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი წერის არსი წერისა და ფიქრის პროცესის მაქსიმალური დაახლოებაა. სხვა სიტყვებით, მოსწავლეებმა უნდა “გადმოღვარონ” თავიანთი ფიქრები ქაღალდზე; წერონ ისე, როგორც ფიქრობენ და რასაც ფიქრობენ, ენობრივი თუ სხვა სახის კორექტირებების გარეშე. აქედან გამომდინარე, თავისუფალი წერისას დასაშვებია არასრული წინადადებების და/ან ერთმანეთთან ლოგიკურად დაუკავშირებელი წინადადებების, ცალკეული სიტყვების, ფრაზების გამოყენება.
  • თუკი მოსწავლემ არ იცის, როგორ გააგრძელოს წერა, მას შეუძლია გააგრძელოს ბოლო სიტყვის წერა მანამდე, სანამ ახალის აზრი (სიტყვა) არ გაუჩნდება (იხ. ზემოთ მოყვანილი ნიმუში);
  • ნამუშევრის საბოლოო ვერსიაში თავისუფალი წერის დროს დაწერილი ტექსტი, ცხადია, სრული სახით არ აისახება.
  • “თავისუფალი წერის” სტრატეგიის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია პერსონალური ესეს, პირადი დამოკიდებულების ამსახველი ესესა და/ან შემოქმედებითი წერის დროს.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

აქტივობა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და მეტაკოგნიტურ უნარებს (წერის პროცესის ეტაპების გააზრების გზით), რომლებიც საჭიროა მეცნიერების ნებისმიერი სხვა დარგის შესასწავლად.

ვარიანტი (ბ)

დავწეროთ პირველი წინადადება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ იმაზე თუ რატომ უჭირთ წერა/რატომ ვერ წერენ. მოსწავლემ უნდა აღწეროს, როგორ და/ან რატომ უჭირს წერა და “დაატრიალოს” სათაური რამდენჯერმე. ამ დროს პირველი წინადადება შეიძლება “თავისით მოვიდეს”.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 10, 12, 13.