აქტივობა 3. მე და ჩემი თანაავტორი

აქტივობის შესახებ:

აქტივობა გამიზნულია წერის ეტაპისათვის. იგი ხელს უწყობს პიროვნული და/ან ლიტერატურული გამოცდილების წერილობით გადმოცემის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას; სტიმულს აძლევს მოსწავლეთა მხატვრულ წარმოსახვას, მათი თვითგამოხატვის პროცესს. აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობენ ერთმანეთთან თანაავტორობით და საერთო ძალისხმევით ქმნიან მხატვრულ ტექსტს.

 

აქტივობის მიზნები:

  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მხატვრული წარმოსახვის განვითარება;
  • ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური/ჯგუფური.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი ფურცელი, კალამი.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, დაწერონ/შეთხზან მხატვრული ტექსტი იმ დასაწყისის საფუძველზე, რომელსაც იგი დაფაზე დაწერს (ეს შეიძლება იყოს ერთი ან მეტი წინადადება, ერთი აბზაცი...). შეთავაზებული დასაწყისი შეიძლება შეთხზული იყოს თავად მასწავლებლის მიერ ან აღებული იყოს რომელიმე თხზულებიდან, რომელსაც მოსწავლეები არ იცნობენ.

მოსწავლეებმა უნდა გააგრძელონ ამბის თხრობა წყვილებში (ან ჯგუფებში) მუშაობის გზით. თითოეულ წყვილს მასწავლებელი დაურიგებს თითო-თითო საწერ ფურცელს და გააცნობს მოსწავლეებს სამუშაოს შესრულების წესს; აფრთხილებს მათ, რომ ტექსტზე სამუშაოდ მათ აქვთ 18-20 წუთი.

ტექსტის შექმნაზე მეწყვილეები მუშაობენ რიგრიგობით, იყენებენ ერთსა და იმავე ფურცელს _ ჯერ ერთი მეწყვილე დაწერს წინადადებას/წინადადებებს ან აბზაცს, გადასცემს ფურცელს თავის მეწყვილეს, რომელიც გაეცნობა მეგობრის ნაწერს და გააგრძელებს ამბის თხრობას. შემდეგ ფურცელი ისევ დაუბრუნდება პირველ მეწყვილეს, რომელიც გაეცნობა, რა დაწერა მისმა მეგობარმა (მეორე მეწყვილემ), გააგრძელებს მის თხრობას და ა.შ.

მეწყვილეებმა უნდა გამოკვეთონ და დაიცვან სიუჟეტური ხაზი, გაგრძელებები არ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი _ ესაა აუცილებელი მოთხოვნა, რომელსაც მასწავლებელი წერის დაწყებამდე გააცნობს მოსწავლეებს. სასურველია, რომ მეწყვილეების მიერ შექმნილ ტექსტში აღრეული არ იყოს ენობრივი, სტილისტური, ჟანრული და ან ფორმობრივი მახასიათებლები.

სამუშაოს დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასწავლებელი გააფრთხილებს მოსწავლეებს, რომ დრო იწურება (“გაფრთხილებთ, რომ დაგრჩათ 5 წუთი”) და მოუწოდებს მათ, გამოიყენონ დარჩენილი დრო ტექსტის დასასრულებლად.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ თავიანთ თხზულებებს. წაკითხვის შემდეგ გაიმართება მსჯელობა მოსმენილი თხზულებების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული დასაწყისი რომელიმე თხზულებიდანაა აღებული, მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ გააცნობს მის შინაარსს (ან დაავალებს აღნიშნული თხზულების წაკითხვას საშინაო დავალების სახით).

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

18-20 წუთი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • მხატვრული წარმოსახვის უნარის გამოვლენა წერის დროს;
  • სიუჟეტური ხაზის აგება და დაცვა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი მახასიათებლების გათვალისწინება;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითება:

აქტივობის ჩატარება შეიძლება აგრეთვე მოსწავლეების მცირე ჯგუფებად დაყოფის გზით.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 3; ქართ. VII. 7, 9; ქართ. VII. 11, 13, 14.