აქტივობა 3. ისტორიაზე უფრო მეტი იცით, ვიდრე გგონიათ

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დააახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შენიშვნა:

მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება

 

რესურსები:

აუდიო/ვიდეო/ფონო მასალა, DVD/CD

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, ხელოვნება, გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

წარსულის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ყველა ადამიანი ფლობს. მათ შორის გამონაკლისს, ბუნებრივია, არც სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ. სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ ცოდნის სისტემატიზაციაა.

ეს აქტივობა ერთობ ეფექტური საშუალებაა მოსწავლეების გაკვეთილში ჩასართველად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი მასალის ახსნას იწყებთ. ამ დროს თქვენ ცდილობთ მოსწავლეებს აჩვენოთ, რომ მათ ისე, რომ თავადაც არ აცნობიერებენ ამას, საკმაო ინფორმაცია აქვთ კონკრეტულ მომენტში საინტერესო თემაზე.

ამის საილუსტრაციოდ თქვენ მათ ახსენებთ კინოფილმებს, ანიმაციურ ფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც ყველა მათგანისათვის ცნობილია. ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ათქმევინოთ ამ თემის ირგვლივ; შემდგომ კი, მათგან წამოსული “მესიჯების” კვალად, მათ ახალი მასალა უნდა აუხსნათ.

ამ აქტივობის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას.

კონკრეტულად შემოგთავაზებთ ვარიანტს, რომელიც გამოგადგებათ თემის: რომის იმპერიის დაცემა და ბარბაროსული სახელმწიფოები ევროპის ტერიტორიაზე – გავლის დროს. სანამ თემის ახსნას დაიწყებდეთ, ბავშვებს ჰკითხეთ, უყვართ თუ არა კომპიუტერული თამაშები ან ფილმების ყურება. აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე დადებით პასუხს გაგცემთ. შემდეგ ჰკითხეთ, სმენიათ თუ არა ცნობილი კომპიუტერული თამაშის, “Age of Empires”-ს, შესახებ. სავარაუდოდ, ეს თამაშიც ბევრს ეცოდინება. ასევე დაეკითხეთ, აქვთ თუ არა ნანახი რაიმე ფილმი რომის იმპერიის დაცემაზე. სავარაუდოდ, ბევრ მათგანს ნანახი ექნება ფილმი ატილაზე, რომის დაცემაზე. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაიხსენონ ნანახიდან ან თამაშიდან (აქ მოსწავლეს შედარებით ძველი მასალის გახსენება და გამეორებაც მოუწევს, კერძოდ, სად მდებარეობდა და რას წარმოადგენდა რომის იმპერია). შემდეგ სთხოვეთ, თამაშიდან ან ფილმიდან გაიხსენონ, ვინ უტევდა რომის საზღვრებს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, სმენიათ თუ არა რაიმე ოსტ-გოთებზე, ვესტ-გოთებზე, ვინ იყო ატილა, სადაური იყო; ვინ არიან ჰუნები; ვინ არის ჰეიზერიხი, ალარიხი და ასე შემდეგ. “Age of Empires”- ზე საუბრისას შეგიძლიათ დასვათ კითხვა, რომელი ხალხებია წარმოდგენილი აღნიშნულ თამაშში; მათი რომელი მეფეები ფიგურირებენ აქ; რა ლეგენდები არსებობს მათ შესახებ; სამხედრო თვალსაზრისით რით გამოირჩევა თითოეული მათგანი და ა. შ. ბავშვები ძალიან გახალისდებიან, თუ თამაშიდან ან ნანახი კინოფილმებიდან რომელიმე მოქმედ პირს გაიხსენებენ. მათ ექნებათ განცდა, რომ ასახსნელი მასალა სახალისოა და თან არცთუ ისე ძნელი, მათ ხომ უკვე სმენიათ და “იციან” ამის შესახებ. ბავშვები ჩათვლიან, რომ საკითხთან მიმართებაში რაღაც უკვე ”იციან”; დასვამენ შეკითხვებს, რომელთა კვალდაკვალ თქვენ აუხსნით რომის იმპერიის დაცემის საშინაო და საგარეო ფაქტორებს, გერმანელ ტომთა გადანაცვლებას, ეპოქის ქრონოლოგიურ ჩარჩოს, აღმოსავლეთიდან ჰუნების შემოტევას, მათ როლს ხალხთა დიდი გადასახლების პროცესში, გერმანელი ტომების მიერ ეტაპობრივად სხვადასხვა ბარბაროსული სახელმწიფოების დაარსებას, რომის უკანასკნელი იმპერატორის ჩამოგდებასა და ევროპის ისტორიაში ახალი ეპოქის – შუა საუკუნეების დაწყებას.

ბუნებრივია, მსგავსი სახის ინტერესის პროვოცირება ბავშვებში არა მარტო კომპიუტერული თამაშებით, არამედ ლიტერატურითაც შეიძლება (როგორც ქართულით, ისე უცხოურით). ქართველი მწერლებიდან მათ შეიძლება წაკითხული ჰქონდეთ ან ურჩიეთ წაიკითხონ ლევან გოთუას “გმირთა ვარამი”, რომელიც სპარსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის ეპიზოდებს ძალიან იოლად აღსაქმელს გახდის მათთვის. ასევე წაკითხული ექნებათ ან თქვენვე შესთავაზეთ, რომ წაიკითხონ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “რახათ-ლუხუმი”, – ამ მოთხრობაში გადმოცემული ამბავი გამოგადგებათ, როდესაც მათთან მე-17 საუკუნეში ოსმალეთთან ქართლის ბრძოლისა და თევდორე მღვდლის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ ისაუბრებთ.