აქტივობა 3. არაფორმალური კამათი

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს კამათის, დისკუსიის უნარ-ჩვევების განვითარებას. იგი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მოუსმინონ თანაკლასელების მოსაზრებებს და გამოთქვან საკუთარი აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე, ჩამოყალიბდნენ კრიტიკულ მსმენელებად; მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განივითარონ არგუმენტირების, აგრეთვე გუნდური მუშაობის უნარი. აქტივობა ტარდება 2 ეტაპად: 1-ლ ეტაპზე ტარდება კამათი, მე-2 ეტაპზე კი მოსწავლეები შეაფასებენ კამათის მსვლელობას.

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული მოსმენის უნარების განვითარება;
  • არგუმენტირების უნარის განვითარება;
  • ეტიკეტური მეტყველებისა და ქცევის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

ადამიანური რესურსები.

 

აქტივობის აღწერა:

I ეტაპი _ საკამათო თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყოფიან (სასურველია, თემა შეირჩეს მოსწავლეთა აზრის გათვალისწინებით). მზადდება ინსტრუქციების ჩამონათვალი/ნუსხა, რომელშიც ასახუ­ლი იქნება კამათის ნაყოფიერად წარმართვისათვის აუცილებელი პირობები (დროითი რეგლამენტი; რიგითობის დაცვის, ყურადღებით მოსმენის, ჯგუფის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა და სხვ.). ჯგუფებში მოსწავლეები განაწილდებიან იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიცია ექნებათ საკამათო თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წინასწარ ამზადებენ არგუმენტებს თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად და გააცნობენ თანაგუნდელებს (ამისათვის გუნდებს ეძლევათ 15-20 წუთი). გუნდი არგუმენტების განხილვის შემდეგ შეარჩევს ამა თუ იმ კონკრეტული არგუმენტის წარმომთქმელს. არგუმენტების წარმომთქმელები რიგ-რიგობით საუბრობენ, მოსწავლეები უნდა დარწმუნდნენ, რომ: ა) ჩაწერილი აქვთ ყველა არგუმენტი; ბ) არ იმეორებენ უკვე წარმოთქმულ არგუმენტს. კამათი გრძელდება მანამდე, სანამ არგუმენტები არ ამოიწურება.

II ეტაპი _ შეფასებისათვის გუნდებს მასწავლებელი დაურიგებს კითხვარს, რომელსაც შემდეგი სახე შეიძლება ჰქონდეს.

 

კითხვარის ნიმუში:

  • რომელი არგუმენტები იყო ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელი?
  • დახარჯეს თუ არა მონაწილეებმა დრო და ენერგია მთავარი პრობლემისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან მოსაზრებებზე?
  • თქვენი აზრით, რომელი არგუმენტი/არგუმენტები იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ შეეძლო ზოგიერთი მოსწავლის მოსაზრების შეცვლა?

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული მოსმენა;
  • საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება;
  • ეტიკეტური ქცევა და მეტყველება;
  • მოსმენილი ინფორმაციის/სამეტყველო სიტუაციის შეჯამება და შეფასება წერილობითი გზით.

 

მეთოდური მითითებები:

  • რეკომენდებული არ არის კამათში “გამარჯვებული” გუნდის გამოცხადება, მაგრამ თუკი მოსწავლეები მოისურვებენ გამარჯვებულის გამოვლენას, ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი გზით: ა) განსაკუთრებით ძლიერი და/ან ორიგინალური არგუმენტებისათვის ჯგუფი ქულას მიიღებს; ბ) თუ არგუმენტი გამეორდა, ჯგუფი ქულას არ მიიღებს. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.
  • საკამათოდ შერჩეული თემა შესაძლებელია რომელიმე შესწავლილი ნაწარმოების პრობლემატიკას/თემატიკას უკავშირდებოდეს. ამ შემ­თხვევაში აქტივობა ეროვნული სასწავლო გეგმის სამივე მიმართულებას (ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) დაფარავს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. IX. 1, 2, 3, 4, 5;
  • ქართ. IX. 9.