აქტივობა 3. ადგილის გეგმის შედგენა

შედეგი

გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში

 

ინდიკატორები

  • რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს;
  • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალებისა და სხვ.);
  • ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
  • ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
  • იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას;
  • მასშტაბის გამოყენებით განსაზღვრავს მანძილს გეოგრაფიულ ობიექტებს შორის;
  • პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას;
  • ტურისტული რუკების გამოყენებით ადგენს მარშრუტებს უცხო ქალაქში;
  • თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ლაშქრობის მარშრუტებს; განსაზღვრავს ლაშქრობის ხანგრძლივობას გადაადგილების სხვადასხვა საშუალებით და ადგენს გზამკვლევს;
  • განსაზღვრავს მიმართულებას კომპასის, ადგილობრივი ნიშნების, ციური სხეულების მდებარეობისა და აზიმუტის მეშვეობით.
 

რესურსები:

  1. მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები;
  2. რვეული, კალამი;
  3. დაფა და ცარცი;
  4. წყარო: ჟიულ ვერნის,,კაპიტან გრანტის შვილები”;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) _ მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე.
 

კავშირი სხვა საგნებთან:
 
ლიტერატურა
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

  1. გეოგრაფია არის არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც. ზოგადად დედამიწის აღწერა, ქვეყნების დახასიათება, მოსახლეობის კულტურისა და ადათ-წესების სათანადოდ გადმოცემა მოითხოვს დიდ შემოქმედებით და მხატვრულ ნიჭს. ამიტომ გეოგრაფებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი დიდი მწერლები, როგორებიცარიან ალექსანდრე დიუმა, ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი და ა.შ. მათი ნაწარმოებების საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და შევისწავლოთ სხვადასხვა ქვეეყნები.
  2. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შესადგენად შეიძლება მოსწავლეები გავიყვანოთ ბუნებაში, მოვაწყოთ ექსპედიცია. თემის განსაზღვრის შემდეგ შეირჩევა მარშრუტი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც. სასურველია გარემო, სადაც მათთვის საინტერესო ობიექტები იქნება (ტაძარი, გზა, ხიდი, რკინიგზა…), თავად შეარჩიონ. ექსპედიციისთვის ემზადებიან წინასწარ და განსაზღვრავენ, რა გააკეთონ, რა წაიღონ (ჩანაწერთა რვეული, კალამი, ფოტოაპარატი, სახაზავი, სანტიმეტრი, საგზალი). ნაწილდება მოვალეობებიც (ვინ ჩაატარებს აზომვებს, ვინ გააკეთებს ჩანაწერებს და ა.შ.).
  3. ექსკურსიები და თემატური ექსპედიციები მოსწავლეებს ეხმარება გაცილებით ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ გარემომცველი სამყაროს ობიექტებისა და მოვლენების მრავალფეროვნება, დაადგინონ მოვლენებსა და გარემოპირობებს შორის არსებული კავშირები. სწორედ ექსკურსიისა და ექსპედიციის დროს უვითარდებათ მოსწავლეებს ემოციურად პოზიტიურიდამოკიდებულება გარემოს მიმართ და შესაძლებლობა ეძლევათ, გაკვეთილზე ნასწავლი უშუალოდ დააკავშირონ რეალობასთან, აღიქვან გარემომცველი სამყარო, როგორც ერთი მთლიანობა, რომელშიც ყველა კომპონენტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მოსწავლეები ექსკურსიის დროს ერთდროულად სწავლობენ და ისვენებენ. ეს ხელს უწყობს ბუნების ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვებისა და შედარების უნარ-ჩვევების, გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის, ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

 

აქტივობის აღწერა:

ამ გაკვეთილის ჩატარება სასურველი სკოლის ეზოში ან ახლომდებარე სკვერში. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად. მათ უკვე იციან ადგილის გეგმის პირობითი ნიშნები. თავდაპირველად ჰორიზონტის მხარეებს არკვევენ (ნასწავლის გათვალისწინებით). მანძილის დასადგენად ზომავენ საკუთარ ნაბიჯს და იწყებენ აზომვებს. ნაწილი ადგენს მანძილს ობიექტებამდე, ნაწილი კი ამ მონაცემებს იწერს. ერთი მათგანი შეიძლება აკეთებდეს ჩანახატს. მთავარია, რომ ისინი თავად ცდილობენ შქმნან ისეთი გეგმა, როგორიც მათ სახელმძღვანელოშია, ოღონდ ამავე დროს ცდილობენ, რომ მათი გეგმა განსხვავებული და ორიგინალური იყოს. იგონებენ საკუთარ პირობით ნიშნებს და ცდილობენ განსხვავებულ ფერებში გამოსახონ ისინი. ეს მათთვის ძალზე სახალისოა. კლასში დაბრუნების შემდეგ მასალა გადააქვთ თაბახის ფურცლებზე და სერიოზულ სახეს აძლევენ საკუთარ ადგილის გეგმას. პრეზენტაცია – განხილვის შემდეგ ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალ ექსპედიციას თვითონ დაგეგმავენ.