აქტივობა 29. ერთი და იმავე მოვლენის შესახებ პრინციპულად განსხვავებული წყაროების განხილვა

შედეგი:

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან ეხმიანება: წიგნიერებას, სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციას.

 

რესურსები:

ერთი და იმავე საკითხის შესახებ ორი განსხვავებული ისტორიული წყარო

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეების სხვადასხვა ჯგუფისათვის ერთი და იმავე მოვლენის შესახებ დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე სხვადასხვა წყაროს დარიგება და აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის მოწყობა.

კონკრეტული ნიმუშის სახით გთავაზობთ ორ განსხვავებულ წყაროს, რომლებიც გამოგადგებათ, როდესაც განვიხილავთ თემას: საქართველო რუსეთის იმპერიის ფარგლებში მე-19 საუკუნეში”. კერძოდ, როდესაც შეისწავლით ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივ აზრს. ორივე განსხვავებული მოსაზრება არჩილ ჯორჯაძის წერილებიდან არის ამოკრებილი (თბ., 1989).

ეს აქტივობა მოსწავლეებმა შეიძლება “დებატების” ფორმით განახორციელონ – განსხვავებული წყაროს პოზიციის დამცველი ჯგუფების სახით, რომელიც “დამსწრე საზოგადოების” (კლასის დანარჩენი წევრების) წინაშე არგუმენტირებულად დაიცავს განსხვავებულ მოსაზრებებს. კითხვები თავად შეგიძლიათ შეიმუშაოთ ან იმათ მიანდოთ, ვინც მოწინააღმდეგე ჯგუფებში არაა ჩაბმული. მოსწავლეების ნაწილს განსხვავებული პოზიციის არგუმენტების ჩაწერა დაავალეთ და სთხოვეთ იმსჯელონ, რომელი არგუმენტი მოეჩვენათ უფრო წონადი და რატომ. შეეცადეთ იმგვარად დაარეგულიროთ სიტუაცია, რომ კამათისას მოსწავლეები ოპერირებდნენ მხოლოდ არგუმენტებით, ზედმეტად არ გაცხარდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადავიდნენ.

 

წყარო 1. აწინდელი ჩვენი საზოგადოება არის მკვდარი მამულისთვის. ცხოვრობენ უსაგნოდ, დაეხეტებიან უგზოდ, ყოველი ფიქრობს საკუთარი თავის სარგებლობისთვის, რომლის მისაღებად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა; ანგარება არის მათთვის კერპი, რომლითაც გვეკარგება პატიოსნება. მაგრამ ნუ გგონია, რომ ეს იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა, არა! ეს არის მხოლოდ ნაყოფი ოცდაათი წლის მორჩილებისა [იგულისხმება რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პერიოდი]”.

გენერალ-მაიორი ივანე აფხაზი, რუსეთის მიერ წარმოებული ყველა მნიშვნელოვანი ომის მონაწილე, მე-19 საუკუნის 20-იანი წლები

 

წყარო 2.თუ მძიმე და ხანგრძლივი განსაცდელი ავიტანეთ და შევინარჩუნეთ სიმტკიცე სარწმუნოებისა, რომელიც გვიანდერძეს წინაპრებმა საქართველოს სამეფო უკეთეს ხანის დადგომამდე, თუ ჩვენ არ ვუღალატეთ ჩვენს მართლმადიდებლობას, თუ შევინარჩუნეთ ჩვენი კეთილშობილება და კარგი სახელი, ყველამ ვიცით, რომ ეს მოხდა რუსეთის თვითმპყრობელობის წყალობით... ახლა ჩვენ უშფოთველად ვცხოვრობთ ჩვენს ქვეყანაში. . . ჩვენი საზოგადო ცხოვრება არავითარ საფრთხე არ განიცდის. . . მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა-პურით და ჩემი აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვათა შორის არის გადებული, საჭიროა ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათი მნიშვნელობის შედუღება ერთ მცნებაში”.

დიმიტრი ყიფიანი, მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე

 

    • შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განხილვისას ასევე შეგიძლიათ მოიტანოთ განსხვავებული ცნობები ლაშა-გიორგის შესახებ (ლაშა-გიორგის მემატიანე და ჟამთააღმწერელი).
    • მსოფლიო ისტორიის კურსთან მიმართებაში, იუსტინიანეს ეპოქის განხილვისას, შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ პროკოპი კესარიელის 2 სახის ცნობები – საჯარო და საიდუმლო. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს უკვე ერთი და იმავე პირის ორი განსხვავებული ცნობის შედარება მოუწევთ და თქვენ მოგეცემათ საშუალება, კარგი დისკუსია მოაწყოთ თუნდაც ერთი მაპროვოცირებელი კითხვის გარშემო: რატომ დაწერა პროკოპიმ, ოფიციალური ვერსიის გარდა, “საიდუმლო ისტორიაც”? ეს საკითხი უკვე დისკუსიის ფორმით განიხილეთ, განხილვაში მთელი კლასი ჩააბით, მსჯელობის შედეგები შეაჯამეთ.