აქტივობა 28. გასაუბრება წინა თაობის წარმომადგენლებთან

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან: წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

დიქტოფონი, რვეული, პასტა, მიკროფონი

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით კარგი იქნება, თუ მასში მოსწავლეების წინა თაობის წარმომადგენლებსაც ჩართავთ. მაგალითად, როდესაც თანამედროვე ისტორიის მოვლენებზე საუბრობთ, შეგიძლიათ ენთუზიასტი ბებიის ან ბაბუის მოწვევა, რომლებიც თქვენთვის საინტერესო ეპოქის თვითმხილველნი არიან.

ასევე შესაძლოა ცალკეულ თემებზე მოსწავლეს ოჯახის წევრებისგან ინტერვიუს აღება და ამ ინტერვიუს საფუძველზე პრეზენტაციის მოწყობა დაავალოთ.

ე.წ. “ეთნოგრაფიული ინტერვიუს” მსვლელობისას საჭიროა მოსწავლეებმა შემდეგი პრინციპები დაიცვან: ) კლასის წინაშე უნდა აღნიშნონ, კონკრეტულად რის შესახებ სჭირდებათ ინფორმაციის მოპოვება რესპონდენტისგან: მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ; ) მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ შეიძლება რესპონდენტს დაუსვან იმგვარი კითხვა, რომელიც, გარკვეულწილად, სავარაუდო პასუხსაც მოიცავს. მაგალითად, ამ შემთხვევაში არ უნდა ჰკითხონ – როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს საქართველოს ომი? ) მოსწავლეებმა უნდა დასვან იმგვარი შეკითხვები, რომლებიც რესპონდენტს სხვადასხვა საკითხზე ნარატიული თხრობის საშუალებას მისცემს, მაგალითად, როგორ მოხდა მისი გაწვევა ომში? როგორ აცილებდნენ ოჯახის წევრები, რატომ არ წავიდა ომში მისი მეზობელი? და ა.შ.

აღებული ინტერვიუს გაანალიზებისას მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, უნდა გაითვალისწინონ იმ სუბიექტური დამოკიდებულების მიზეზები, რაც საკითხთან მიმართებაში გააჩნდა რესპონდენტს. ამ საკითხზე ადვილად შეიძლება საკლასო დისკუსიის ორგანიზებაც.