აქტივობა 27. სამართლიანობა

შედეგი

  • მოქ.X.3.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
  • მოქ.X.6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
  • მოქ. X 8.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა.
  • მოქ.X.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.

 

დრო

ორი გაკვეთილი

  

შენიშვნა

პრაქტიკულად ყველა შედეგზე გადის, ვინაიდან ყველა თემასთნ დაკავშირებით შესაძლებელია გამოვიყენოთ სასამართლო სიმულაცია.

 

რესურსები

კონკრეტული საჭიროების მიხედვით განისაზღვრება რესურსები

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

  

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ მოსწავლეებს თეატრალიზებული სასამართლო პროცესის მოწყობა. საამისოდ საჭირო იქნება ერთმა მოსწავლემ ბრალმდებლის, მეორემ − ადვოკატის, მესამემ კი მსჯავრდებულის როლი მოირგოს. ამ მოსწავლეებს თქვენგან წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია „პროცესზე“ განსახილველი თემის/სიტუაციის შესახებ. „პროცესისთვის“ ასევე საჭირო იქნება მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები. ამ უკანასკნელთა როლები კლასის დანარჩენ მოსწავლეებს შეუძლიათ მოირგონ.

ამ აქტივობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დრამატული შემთხვევა იქნება განსასჯელად გამოტანილი. ამ ტიპის სადისკუსიო თემები მრავლად მოიპოვება ვებ-გვერდზე: http://www.justiceharvard.org/. აღნიშნულ ვებ-გვერდზე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი მ. სენდელი არჩევს სხვადასხვა შემთხვევებს. მაგალითად, სასამართლო პროცესისთვის ერთ-ერთი თემა ასეთი შეიძლება იყოს: “როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ის ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ ერთი ადამიანის მკვლელობით ხუთი სხვა ადამიანის სიცოცხლის ხსნის საშუალება ექნება?”

სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით დასრულდება. თუმცა შემდეგ სასურველია მოსწავლეებს აუხსნათ, რამდენად სწორად გაერკვნენ ისინი მოცემულ სიტუაციაში.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა გაზრდის მოსწავლეთა ენთუზიაზმს; იგი საშუალებას მოგცემთ სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ღირებულებებსა და საკითხებზე ყველასთვის საინტერესო ფორმით იმსჯელოთ. ამგვარი იმიტაცია, შესაძლოა, დამატებითი მოტივაციის წყარო გახდეს მოსწავლეების მიერ სასამართლო სისტემის ან ცალკეული საკანონმდებლო დოკუმენტების შესახებ მეტი ცოდნის შესაძენად.