აქტივობა 26. ტოლერანტობა

შედეგი

  • მოქ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები.
  • მოქ.X.1.მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

სასურველია მასწავლებელმა მოძებნოს ის ოქროს შუალედი, რომელიც ამ ძალიან მყიფე თემასთნ დაკავშირებით ძალიან საჭიროა, რომ არ გამოიწვიოს მოსწავლეების გაღიზიანება.

 

რესურსები

  • ფურცლები;
  • კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ მოსწავლეებს 150-200 სიტყვიანი თხზულების დაწერა, სადაც საპირისპირო სქესის შესახებ მათი მოსაზრებები იქნება ფორმულირებული. მათ მიერ დაწერილ თემაში უნდა ჩანდეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:

ა) რითი ჰგავხართ თქვენი კლასის სხვა სქესის წარმომადგენლებს?

ბ) რითი განსხვავდებით თქვენი კლასის სხვა სქესის წარმომადგენლებისგან?

გ) განსხვავდება თუ არა ბიჭისა და გოგოს მეგობრობა ბიჭისა და ბიჭის, ან გოგოსა და გოგოს მეგობრობისგან? პასუხი დაასაბუთეთ.

დ) იქცევით თუ არა სხვაგვარად საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა გარემოცვაში?

 

გაეცანით მოსწავლეთა თემებს; მომდევნო გაკვეთილზე კი საჯაროდ განიხილეთ თხზულებებში გამოკვეთილი პრობლემები.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ მოსწავლეები გენდერულ სტერეოტიპებზე დააფიქროთ და მისცეთ მათ საზოგადოებრივი პრობლემების განხილვის შესაძლებლობა.