აქტივობა 26. შეზღუდულია თუ არა სითხეში გასახსნელი მყარი ნივთიერებების რაოდენობა?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• რომ სითხეში მყარი ნივთიერების დამატებისას დგება მომენტი, როდესაც ნივთიერება მოცემულ პირობებში აღარ იხსნება;
• რომ კონკრეტული გამხსნელის ერთსა და იმავე მოცულობაში სხვადასხვა მყარი ნივთიერების განსხვავებული რაოდენობა იხსნება;
• რომ მყარი ნივთიერებები იხსნება არა მხოლოდ წყალში, არამედ სხვა სითხეებშიც;
• ჯგუფური მუშაობა;
• შედეგების შეჯერება და ერთობლივი დასკვნის გამოტანა.

 

რესურსები

  • სუფრის მარილი;
  • ნატრიუმის ბიქრომატი;
  • კალიუმის ნიტრატი;
  • დისტილირებული წყალი;
  • ეთანოლი.

აღჭურვილობა/ ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქები, 100 მლ.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

• წარუდგენს მოსწავლეთა ჯგუფს სხვადასხვა მყარ ნივთიერებას, მაგ.,სუფ­რის მარილს, ნატრიუმის ბიქრომატს, კალიუმის ნიტრატს, და ავალებს მათ, განსაზღვრონ, ოთახის ტემპერატურაზე შეზღუდულია თუ არა რაოდენობრივად ამ მარილების წყალში გახსნის შესაძლებლობა;
• სხვა მოსწავლეებს ავალებს, გამოიკვლიონ, შეზღუდულია თუ არა მყარი ნივთიერების, მაგ., მარილის რაოდენობა, რომელიც იხსნება სხვადასხვა გამხსნელში, მაგ., წყალში, ეთანოლში;
• მსჯელობს მოსწავლეებთან ერთად, როგორ დაადგინონ, რომ ნივთიერება მეტად აღარ იხსნება და სხვადასხვა ნივთიერება სხვადასხვა მოცულობის გამხსნელში იხსნება. შეაჯერებს ერთმანეთთან ერთი და იმავე გამხსნელისთვის მიღებულ შედეგებს და აყალიბებს კანონზომიერებებს ტერმინების, ”ნაჯერი ხსნარი”, ”ხსნადობა”, გამოყენებით.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• დაადგენენ, რომ განსაზღვრული მოცულობის წყალში შეიძლება გაიხსნას მოცემული მყარი ნივთიერების განსაზღვრული/შეზღუდული რაოდენობა;
• აღწერენ განსხვავებებს ერთი და იმავე მოცულობის წყალში გახსნილი სხვადასხვა მყარი ნივთიერების რაოდენობებს შორის;
• დაადგენენ, რომ ერთი და იმავე გამხსნელის ერთსა და იმავე რაოდენობაში სხვადასხვა მყარი ნივთიერების განსხვავებული რაოდენობა იხსნება.

 

რეკომენდაციები

• მნიშვნელოვანია, მოსწავლეებისთვის ნათელი იყოს, რომ იკვლევენ, რა რაოდენობის ნივთიერება იხსნება და არა იმას, რამდენად სწრაფად იხს­ნება;
• ამ აქტივობის დროს არ შეისწავლება ხსნადობის ცვლილება. ამიტომ არ არის საჭირო გამხსნელი ნივთიერებების გაცხელება.

 

უსაფრთხოება

• ეთანოლი იოლად აალებადია, ამიტომ ოთახში, სადაც აქტივობა ტარდება, არ უნდა იყოს ღია ცეცხლის ალი;
• კალიუმის ნიტრატი არის მჟანგველი. მოსწავლეები ფრთხილად უნდა მოეპყრან მას და სხვა ნივთიერებებს;
• აუცილებელია დამცავი სათვალეებისა და ხელთათმანების გამოყენება.