აქტივობა 23. როგორ ხდება ქრომატოგრაფიის მეთოდით ნარევის დაყოფა კომპონენტებად და მათი იდენტიფიცირება

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• რომ ერთსა და იმავე გამხსნელში გახსნილი ორი და მეტი ნივთიერების დაცილება შესაძლებელია ქრომატოგრაფიის მეთოდით;
• როგორ დააცილონ და განსაზღვრონ ნივთიერებები ქრომატოგრაფიის მეთოდით;
• მსჯელობა, აზრის გამოთქმა და სხვისი, თუნდაც, განსხვავებული აზრის მოსმენა და შეფასება.

 

რესურსები

  • მელანი ან რომელიმე საღებარი;
  • ფილტრის ქაღალდი;
  • წყალი ან რომელიმე სხვა გამხსნელი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • დამცავი სათვალე და ხელთათმანები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• უსვამს სათანადო შეკითხვებს და ახსენებს მოსწავლეებს, როგორ ადგენენ, შეიცავს თუ არა სითხე მინარევებს;
• აჩვენებს, როგორ შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფერილი კომპონენტების გამოყოფა მელნის ნარევიდან საშრობ ან ფილტრის ქაღალდზე მელნის გამხსნელში (წყალში) დასველებული საშრობი ან ფილტრის ქა­ღალდის ვიწრო ზოლის გამოყენებით;
• მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს და ადგენს, რატომ გადაადგილდება მელნის შედგენილობაში შემავალი სხვადასხვაგვარად შეფერილი მყარი ნივთიერებები სხვადასხვა მანძილზე. შესაძლოა, გამოიყენოს გამხსნელზე ”ამხედრებული” გახსნილი ნაწილაკების ანალოგია. იმ გახსნილ ნივთიერებათა ნაწილაკები, რომლებიც ძლიერად მიიზიდება გამხსნელის ნაწილაკების მიერ, დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაადგილდება უფრო შორ მანძილზე, ვიდრე იმ ნივთიერებებისა, რომელთა ნაწილაკები მიიზიდება უფრო სუსტად.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• გამოიყენებენ ქრომატოგრაფიის მეთოდს სხვადასხვა ხსნარის გამოსაყოფად და განსასაზღვრად/დასახასიათებლად;
• გამოიყენებენ ნივთიერებათა ნაწილაკოვანი აგებულების მეთოდს ქრომატოგრაფიის მეთოდის მექანიზმის ასახსნელად.

 

რეკომენდაციები

• მოსწავლეებმა შეიძლება გამოიკვლიონ, მარტივი საღებავია თუ ნარევი საკვები საღებავი, საწერი პასტების ან მარკერების მელანი.

 

უსაფრთხოება

• თუ გამხსნელად გამოიყენება არა წყალი, არამედ რომელიმე სხვა გამხსნელი, აუცილებელია ხელების დაცვა ხელთათმანებით.