აქტივობა 23. ეკონიმიკა

შედეგი

თითქმის ყველა შედეგი

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

აქტივობა პრაქტიკულად ყველა შედეგზე გადის

  

რესურსები

ნათელი საკლასო სივრცე და ე.წ. მონეტები, ფურცლები და კალმისტრები ინფორმაციის ჩასანიშნად.

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებს გააცანით თამაშის წესები. აუხსენით, რომ 100 მონეტა, რომელიც თამაშისას უნდა გამოიყენონ, ქვეყნის მთელ სიმდიდრეს განასახიერებს. ეს მონეტები მოწაფეებს უნდა დაუნაწილდეთ. თამაშის წესების მიხედვით, არავის აქვს სხვის მონეტაზე შეხების უფლება. აქტივობის პირველ ორ ფაზაში კლასის სამი მოსწავლე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.

საკლასო ოთახი ისე მოაწყვეთ, რომ მოსწავლეებს სათამაშოდ დიდი ადგილი ჰქონდეთ. მოსწავლეებს მონეტები იმგვარად გაუნაწილეთ, რომ რამდენიმე მათგანს მნიშვნელოვნად მეტი მონეტა შეხვდეს, რამდენიმეს კი − ნაკლები. განაწილების შემდეგ მოსწავლეები სამ დიდ ჯგუფად დაიყოფიან:

ა) დიდი ქონებისა და ძალაუფლების პატრონები (ვისაც ექვსი ან მეტი მონეტა აქვს);

ბ) გარკვეული ქონებისა და ძალაუფლების პატრონები (ვისაც სამიდან ხუთამდე მონეა აქვს) − საშუალო ფენა;

გ) მცირე ქონებისა და ძალაუფლების პატრონები (ვისაც ორი და ნაკლები მონეტა აქვს) − ისინი შეადგენენ უმრავლესობას.

შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მონეტების რაოდენობით მათი სიმდიდრე და ძალაუფლება იზომება. იგივე ფაქტორი განაპირობებს ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობას, როგორიცაა საბაზო განათლება, ნორმალური კვება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შესაფერისი საცხოვრებელი, აგრეთვე, ისეთ სურვილებზე ხელმისაწვდომობას, როგორიცაა უმაღლესი განათლება, კომპიუტერი, ავტომობილი, სათამაშოები, ტელევიზორი და ფუფუნების სხვა საგნები. ვისაც ექვსი მონეტა აქვს, მას ყველა მოთხოვნისა და სურვილის დაკმაყოფილება შეუძლია; სამი მონეტის პატრონი მხოლოდ თავის მოთხოვნებს იკმაყოფილებს; მხოლოდ ორი მონეტის მფლობელს კი კვების, განათლებისა და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი ექმნება.

აქტივობის მეორე ფაზაში „მრჩეველთა საბჭო“ უნდა ჩამოყალიბდეს. ამ საბჭოში ის სამი მოსწავლე შევა, რომელიც მეტ „სოციალურ“ აქტივობას გამოამჟღავნებს ანუ თავის კუთვნილ ყველაზე მეტ მონეტას დაურიგებს „თანამემამულეებს“. „საბჭოს“ არჩევის შემდეგ შეამოწმეთ, ვინმემ დისლოკაციის ადგილი ხომ არ შეიცვალა. აქვე შეგიძლიათ დასვათ კითხვები იმის შესახებ, რატომ გასცა მონეტები ამა თუ იმ მოსწავლემ.

აქტივობის მესამე ფაზაში თამაშში ის სამი მოთამაშე ერთვება, რომლებიც მანამდე უმოქმედოდ იყვნენ. ისინი სამ სხვადასხვა ჯგუფში (სოციალურ ფენაში) განაწილდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა მონეტების ხელახალი გადანაწილების შედეგად იმ რაოდენობის „ფული“ უნდა მიიღოს, რაც ამ სოციალურ ფენას შეესატყვისება (დიდი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელების ფენაში მოხვედრილმა ექვსი და მეტი; გარკვეული ქონებისა და ძალაუფლების მფლობელების ფენაში − სამიდან ხუთამდე; მცირე ძალაუფლების პატრონების ფენაში კი − ორი და ნაკლები); ე.ი. დღის წესრიგში დგება მონეტების ხელახალი გადანაწილება.

თითოეულმა ჯგუფმა ფულის განაწილების მისეული გეგმა უნდა წარმოადგინოს ისე, რომ ახალი მოთამაშეები მონეტების საჭირო რაოდენობით დაკმაყოფილდნენ.

სავარაუდოდ, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები ერთმანეთისგან რადი- კალურად განსხვავებული იქნება. შესაბამისად, საჭირო გახდება ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც ერთ-ერთ მათგანს მიანიჭებს უპირატესობას. არჩევნებში „მრჩეველთა საბჭოს“ წევრების ხმას სამმაგი ცენზის სტატუსი ექნება.


აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა მოსწავლეებს დაანახებს იმ სირთულეებს, რასაც ქმნის მსოფლიოში სიმდიდრისა და ძალაუფლების გადანაწილება; აგრეთვე იმას, თუ როგორ ართულებს თანამედროვე მსოფლიოში არსებული გადანაწილების მექანიზმი ადამიანის უფლებათა და ღირსებათა სრულყოფილად დაცვას.