აქტივობა 22. სხვადასხვა თარიღის შესაბამისობის დადგენა სხვადასხვა კალენდარული სისტემის საფუძველზე

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან: რაოდენობრივი წიგნიერება

 

რესურსები:

დაფა, ფანქარი, პასტა, ფლიპჩარტი, მარკერი, რვეული

 

კავშირი სხვა საგნებთან:

მათემატიკა

 

აქტივობის აღწერა:

როდესაც მოსწავლეები ქრონოლოგიის სხვადასხვა სისტემის არსებობის შესახებ შეიტყობენ, მიეცით მათ დავალება – გამოთვალონ, ამა თუ იმ თარიღს რა რიცხვი შეესაბამება სხვა ქრონოლოგიურ სისტემაში.

ამგვარი აქტივობა ძალიან სასარგებლოა, რადგან მოსწავლეები არა მარტო უკეთ გაერკვევიან ქრონოლოგიის სისტემაში, არამედ კიდევ უფრო კარგად დაიმახსოვრებენ ისტორიულ თარიღებს.

თუმცა ასეთი აქტივობის განხორციელებას სპეციალური მომზადებაც სჭირდება. კერძოდ, ვიდრე მოსწავლეებს კონკრეტულ დავალებებს მისცემდეთ, აუცილებელია მინი-ლექცია ჩაუტაროთ იმ ქრონოლოგიური სისტემების შესახებ, რომელთა ჩარჩოებშიც მოუწევთ მუშაობა.

მაგალითად, დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი ითვლება. მას “ქრისტიანული ერა”, “ჩვენი ერა”, ან კიდევ “ახალი წელთაღრიცხვა”, ან, მარტივად, “ქრისტესით” ეწოდება.

ქრისტეს შობიდან დროის ათვლის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა. მხოლოდ XV ს-ის II ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს აქვს დათარიღება ქრისტეს შობიდან. თანდათანობით “ქრისტიანული ერა” ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებელი წელთაღრიცხვა პირველად XVIII ს-ში ინგლისელმა მეცნიერებმა გამოიყენეს და მას “ღმერთის გაჩენამდე”, ანუ შემოკლებით ინგლისურად “BC.  Before Christ – უწოდეს.

ასეთ დათარიღებას ქართულად “ჩვენს ერამდე”, “ქრისტეს შობამდე” ან კიდევ “ძველი წელთაღრიცხვით” (ძვ. წ.) ეწოდება.

მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ისტორიული თარიღების მითითებისას სწორედ წელთაღრიცხვის ამ სისტემით ვსარგებლობთ, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ქრისტიანული სამყარო, სანამ წელთაღრიცხვის დღეს არსებულ სისტემას მიიღებდა, ათვლას ახდენდა საღმრთო წიგნებზე (ძველი და ახალი აღთქმა) დაყრდნობით – სამყაროს გაჩენიდან, ანუ “დასაბამითგან”. ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში აქტიურად გამოიყენებოდა (შუა საუკუნეებში) და ითვლებოდა ქორონიკონებით (ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532- წლიან ციკლს. იგი პირველად გამოთვალა მღვდელ-მონაზონმა დიონისემ 516 წელს). მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევისა და 19 მთვარის მოქცევისა წელთა ნამრავლითაა მიღებული (28x19=532).

ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: “რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე”. ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: “არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი და ათასი წელი, როგორც ერთი დღე”.

ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ, დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ. იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე ჯვარზე გაკრულმა კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს – ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მეექვსე დღის ნაშუადღევთან. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა პირველი ადამიანის – ადამის – შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება.

ქართველები იმ მცირერიცხოვან უძველეს ხალხებს მივეკუთვნებით, რომლებმაც “დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავისი სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. ქორონიკონი პირველად VIII საუკუნეში, 781 წელს შემოიღეს.

როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლებიდასაბამითგანწელთაღრიცხვით? თუ ძველ საისტორიო წყაროებში შეგხვდებათ დათარიღება “დასაბამითგან”: 1.თუ თარიღი სამყაროს შექმნის თარიღზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ.-ით ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა, ამ თარიღის თანამედროვე, ქრისტეს შობიდან, წელთაღრიცხვაზე გადმოსაყვანად მას “დასაბამითგან” თარიღი ანუ 5500, ან ქართული 5604 წელი უნდა გამოვაკლოთ; 2. და პირიქით, თუ თარიღი “დასაბამითგან” თარიღზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება, წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5500-ს ან ქართულ 5604 წელს ის თარიღი უნდა გამოვაკლოთ.

როგორც ვხედავთ, წლების გამოთვლა არცთუ ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერც ერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი IX ს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და არც აუცილებლად თვლიდნენ.

 

არაბული ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით ანუ “ჰიჯრით” ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავისი მშობლიური ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც, “ჰიჯრა”, არაბული ზმნა “გაქცევიდან” არის წარმომდგარი. მუსლიმური წელთაღრიცხვა 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა რიგით მეორე ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში.

მინი-ლექციის მოსმენის შემდეგ იმის გასარკვევად, როგორ აღიქვეს მოსწავლეებმა ახსნილი მასალა, დაავალეთ მათ ცალკეული, საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული თარიღების ჰიჯრითა და ქორონიკონით გამოსახვა. თუმცა, იმის გამო, რომ საქმე სკოლის მოსწავლეებთან გაქვთ, მათ დავალება უნდა გაუიოლოთ. კერძოდ, ჰიჯრით თარიღის გამოსახვისას მხედველობაში არ უნდა იყოს მიღებული ის გარემოება, რომ ისლამური მთვარის კალენდრის წლის ხანგრძლივობა უფრო მცირეა, ვიდრე მზის კალენდრისა. ქორონიკონით თარიღის გამოანგარიშებისას კი იმის გაგებით უნდა დაკმაყოფილდეთ, მერამდენე მოქცევის ჩარჩოებში თავსდება მოცემული თარიღი.

მაგალითად, დაავალეთ მოსწავლეებს ჰიჯრითა და ქორონიკონით გამოთვალონ პუატიეს ბრძოლის თარიღი – 732 წელი; დიდგორის ბრძოლის თარიღი – 1121 წელი და ა.შ.