აქტივობა 22. როგორ შეიძლება გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერებების ერთმანეთისგან დაცილება?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• რომ გამხსნელისგან მასში გახსნილი მყარი ნივთიერებების გამოსაცალკევებლად გამოიყენება გამოხდის ანუ დისტილაციის მეთოდი;
• ვარაუდის გამოთქმა და მის შემოწმება;
• დაკვირვება, მსჯელობა და მოვლენის ახსნა;
• რომ გამოხდის პროცესში სითხის აორთქლებას თან ახლავს კონდენსაცია;
• დაკვირვების შედეგების თვალსაჩინოდ წარდგენა.

 

რესურსები

  • მელანი;
  • ზღვის ან მარილიანი წყალი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • სადისტილაციო აღჭურვილობა;
  • დამცავი სათვალე და ხელთათმანები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• უხსნის მოსწავლეებს, რომ აქამდე ყურადღება ეთმობოდა ნარევში გახს­ნილ ნივთიერებებს, მაგრამ, ხშირად, მნიშვნელოვანია ნარევიდან სითხის, მაგ., სუფთა წყლის გამოცალკევება და შეგროვება;
• ახსენებს/უხსნის მოსწავლეებს აორთქლებისა და კონდენსაციის პროცესების არსს, მაგ., აჩვენებს ლურჯი მელნის ხსნარს და ავალებს, ივარაუდონ, რა ფერის წყალი მიიღება ხსნარიდან წყლის აორთქლებისა და კონდენსირების შედეგად. საჭიროების შემთხვევაში ატარებს სადემონსტრაციოს ცდას. ეკითხება მოსწავლეებს, როგორ წარმოუდგენიათ სასმელი წყლის მიღება ზღვის წყლიდან, მაგ., იმ ტერიტორიებზე, სადაც ბევრია ზღვის წყალი და არის სასმელი წყლის დეფიციტი;
• მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს გამოთქმულ მოსაზრებებზე და აცნობს ტერმინს, – “დისტილირება”, ეხმარება მოსწავლეებს, შეამოწმონ თავიანთი მოსაზრება დისტილირების მარტივი პროცესის ჩატარებით;
• ავალებს მოსწავლეებს, ახსნან პროცესის არსი, მაგ., სქემის გამო­ყენებით, ნახატის კომენტირებით.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• აღწერენ, როგორ შეიძლება ხსნარიდან მასში გახსნილი ნივთიერების გამოყოფა ხსნარის გაცხელებითა და შემდგომი გაცივებით;
• ახსნიან, რომ გამხსნელი ჯერ აირად იქცევა, შემდეგ კი კვლავ თხევად მდგომარეობას უბრუნდება, გახსნილი ნივთიერება კი არ იცვლის აგრეგატულ მდგომარეობას.

 

რეკომენდაციები

• მოსწავლეები დაინახავენ მელნის ლურჯი ხსნარის გამოხდისას შეგროვებულ უფერულ წყალს;
• მოსწავლეებს შეიძლება დაევალოს ინფორმაციის მოპოვება მტკნარი წყლ­ის მისაღებ დანადგარებსა ან დისტილირების გამოყენებაზე სით­ხეების გამოსაცალკევებლად, მაგ., ნავთობის გამოხდაზე. ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, არც საჭირო, ლაპარაკი დისტილირებასა და ფრაქციულ გამოხდას შორის განსხვავებაზე.

 

უსაფრთხოება

• მასწავლებელმა პრაქტიკული სამუშაოს შესრულებამდე უნდა იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
• მოსწავლეებს უნდა ეკეთოთ დამცავი სათვალე და ხელთათმანები.