აქტივობა 22. კონფლიქტი

 შედეგი

  • მოქ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
  • მოქ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
  • მოქ.X.2.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
  • მოქ.X.6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფურცლები;
  • კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

აჩვენეთ მოსწავლეებს ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება ოჯახური ძალადობის სახეები. სთხოვეთ მოსწავლეებს, მოირგონ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების როლები, რომელთა ამოცანასაც ოჯახური ძალადობის შესამცირებლად კონკრეტული კანონების მიღება წარმოადგენს.

22.png" alt="ცხრილი 1" width="450" />

ჯგუფის პირველი ამოცანა იმის განსაზღვრა იქნება, ჩამოთვლილთაგან ძალადობის რომელი ფორმაა ჩვენ გარშემო ყველაზე მეტად გავრცელებული. ამისათვის ერთ-ერთმა მოსწავლემ ფასილიტატორის როლი უნდა იტვირთოს და კოლეგებს სთხოვოს ოჯახური ძალადობის შემთხვევის შესახებ მათთვის ცნობილი ამბების მოყოლა. თითოეული ნარატივი ერთ-ერთ ცხრილში მოცემულ კატეგორიაში მოთავსდება, რის შედეგადაც რაოდენობრივი მაჩვენებლების საფუძველზე გაკეთდება დასკვნა, ოჯახური ძალადობის რომელი ფორმაა ჩვენ ირგვლივ ყველაზე მეტად გავრცელებული.

აქტივობის შემდგომ ფაზაში მოსწავლეები სამ ჯგუფად ნაწილდებიან და ინდივიდუალურად „შეიმუშავებენ“ კანონს, რომელიც მოცემული პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. საამისოდ მათ 15 წუთი ეძლევათ.

დასასრულ, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს “შემუშავებული” კანონები კუთხეების მეთოდის გამოყენებით გააკარით ოთახის სამ კუთხეში და სთხოვეთ მოსწავლეებს, გადანაწილდნენ იმის მიხედვით, რომელ კანონს უჭერენ უფრო მეტად მხარს. ხმათა უმრავლესობით შეირჩევა ერთი კანონი. შერჩეული ინიციატივა სამომავლოდ შესაძლებელია ახალგაზრდული პარლამენტის სამუშაო ვერსიად იქცეს.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის, აღნიშნული აქტივობა მხოლოდ ოჯახური ძალადობის თემასთან მიმართებაში განხორციელდეს; საამისოდ სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული სხვა თემებიც შეიძლება გამოდგეს. ამ ტიპის აქტივობების სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა საშუალებას მოგცემთ მოსწავლეებს კანონშემოქმედებითი მუშაობისკენ უბიძგოთ − ეს მათ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება.