აქტივობა 21. რა ემართება ნივთიერებას ხსნარის მიღებისას?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• ხსნარის დამზადება;
• რომ ნივთიერების წყალში გახსნისას მისი მასა უცვლელია;
• რომ ნივთიერების გახსნისას გამხსნელი და გახსნილი ნივთიერებების ნაწილაკები ერთმანეთს ერევა;

 

რესურსები

  • სუფრის მარილი;
  • ეთილის სპირტი;
  • გამოხდილი წყალი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქა 100 მლ;
  • ლაბორატორიული სასწორი.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• აჩვენებს მოსწავლეებს კონკრეტული მასის, (მაგ., 100გ) წყლიან ქიმიურ ჭიქას, ამატებს მას მარილის გარკვეულ რაოდენობას, მაგ., 4 მგ და სთხო­ვს, ივარაუდონ, როგორი იქნება ჭიქის საერთო მასა მარილის გახსნის შემდეგ. შეამოწმონ საკუთარი ვარაუდი მარილის გახსნის შემდეგ ჭიქის აწონით;
• ავალებს მოსწავლეებს, ახსნან, რატომ არ შეიცვალა ჭიქის საერთო მასა, ეკითხება მოსწავლეებს, რა რაოდენობის მარილს მიიღებენ ჭიქიდან წყლის აორთქლების შემთხვევაში;
• მყარი ნივთიერების სითხეში გახსნის დროს მათი ნაწილაკების შერევის საილუსტრაციოდ აჩვენებს მოსწავლეებს მოდელს ან მოდელებს, მაგ., ერთმანეთში არეული ბრინჯისა და ბარდის მარცვლებს, ICT სიმულაციებს. სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი სიტყვებით ახსნან დაკვირვების შედეგი;
• ავალებს მოსწავლეებს, დახატონ წყლის ნაწილაკები მასში მარილის გახსნამდე და მარილის გახსნის შემდეგ და მისი გამოყენებით ახსნან, რატომ არის საერთო მასა უცვლელი, რატომ არ შეიძლება გაფილტვრით მარილის გამოცალკევება.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• დაადგენენ, რომ ხსნარის მასა გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერებების მასების ჯამის ტოლია, მაგ., თუ 5გ მარილს გახსნიან 200გ წყალში, მიღებული ხსნარის მასა იქნება 205გ;
• სხვადასხვა საშუალების, მაგ., კომენტარებიანი დიაგრამის გამოყენებით ახსნიან გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერებების შერევის მექანიზმს;
• ახსნიან, რომ ნივთიერების გახსნისას მისი მასა უცვლელი რჩება, რადგან არაფერი იკარგება.

 

რეკომენდაციები

• ზოგიერთმა მოსწავლემ შესაძლოა, გამოიკვლიოს ორი ხსნარის, მაგ., ეთილის სპირტისა და წყლის შერევის პროცესი და ახსნას დაკვირვების შედეგები. მოსწავლეთა უმეტესობა ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თანა­კლასელების მოსაზრებების მოსმენა მათთვისაც მეტად სასარგებლო იქნება.

 

უსაფრთხოება

• ეთანოლი (ეთილის სპირტი) ადვილად აალებადი სითხეა, ამიტომ მისი გა­მოყენების შემთხვევაში ოთახში არ უნდა იყოს ცეცხლის ღია ალი.