აქტივობა 20. ტოლერანტობა

 შედეგი

  • მოქ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები.
  • მოქ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
  • მოქ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.

 

დრო

ერთი გაკვეთილი

 

შენიშვნა

აქტივობა შესაძლებელია მცირე მოდიფიკაციით ნებისმიერი სახის და თემის ტოლერანტობაზე იყოს გამოყენებული

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • დოკუმენტური ფოტო მასალა.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობის დასაწყისში დაფაზე დაწერეთ ევროკავშირის ცნობილი დევიზი: „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“. სთხოვეთ მოსწავლეებს განმარტონ, როგორ ესმით ეს სიტყვები. ამის შემდეგ წარმოადგინეთ კლასში სურათები, რომლებიც მათთვის უცხო კულტურის ხალხების ყოფას ასახავს (იხ. სურათები ქვემოთ).

აუხსენით მოსწავლეებს, რომ ეს სურათები, ერთი მხრივ, „ფანჯარაა“, რადგან მათი საშუალებით უცხო, განსხვავებული ტრადიციების მქონე ადამიანების სამყაროში შეიძლება გახედვა; მეორე მხრივ კი, „სარკეა“, რადგან ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებსა და პრობლემებს გვიჩვენებს.

ყოველივე ამის შემდეგ მიეცით მოსწავლეებს დავალება − წერილობითი ფორმით გადმოსცენ, რას უჩვენებს მათ ეს სურათები, როგორც „სარკე“ და როგორც „ფანჯარა“.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა დაგეხმარებათ, ასწავლოთ მოსწავლეებს ტოლერანტობა; მისი საშუალებით ასევე ნათელი გახდება, რა ქმნის სტერეოტიპებს და რამდენად არასწორია მათზე დაყრდნობა.

ფოტო 1

ფოტო 2