აქტივობა 20. რა რაოდენობის სუფრის მარილის მიღება შეიძლება ქვამარილისგან?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• ნარევის დაყოფის შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენება ქვამარილისგან სუფრის მარილის მისაღებად;
• მეთოდების ეფექტურობის შეფასება თითოეულის გამოყენებით მიღებული სუფრის მარილის რაოდენობის მიხედვით;
• რომ მარილები მიიღება მრავალი წყაროდან და მათ მრავალფეროვანი გამოყენება აქვთ.

 

რესურსები

  • ქვამარილის ნიმუშები;

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• წარუდგენს მოსწავლეებს ქვამარილის ნიმუშებს და უხსნის, რომ მათგან შეიძლება სუფთა სუფრის მარილის მიღება. ავალებს მათ, დაგეგმონ სუფრის მარილის მიღების გზა და ჯგუფებში ჩამოაყალიბონ მოსაზრება, როგორ შეიძლება დაადგინონ, რა რაოდენობის სუფთა მარილს შეიცავს ქვამარილის წარმოდგენილი ნიმუში;
• ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფის პასუხებს. ავალებს მოსწავლეებს, ჩაატარონ კვლევა და წარმოადგინონ ჩატარებული კვლევის ანგარიში ყოველი ეტაპის აღწერითა და განმარტებით. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მარილი იხსნება, მაგრამ არ ქრება.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• დაგეგმავენ, რა მეთოდით მიიღონ ქვამარილისგან სუფრის მარილი;
• მიიღებენ სუფრის მარილს;
• ახსნიან, რატომაა მიღებული სუფრის მარილის მასა ქვამარილის მასაზე ნაკლები;
• ახსნიან სხვადასხვა ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგებს შორის განსხვავებას საკვლევ ბუნებრივ ნიმუშებს შორის განსხვავებით ან ამ განსხვავებას დააკავშირებენ გამოყენებულ მეთოდთან.

 

რეკომენდაციები

აქტივობის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს ზამთარში მოყინულ გზებზე დაყრილი ქვამარილის სხვადასხვა ნიმუშის სუფრის მარილის შემცველობის მიხედვით და/ან მოსწავლეების მიერ სუფრის მარილის მისაღებად გამოყენებული მეთოდების ეფექტურობის შედარება.

 

უსაფრთხოება

• მასწავლებელმა უნდა გაეცნოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
• მოსწავლეებმა არ უნდა გასინჯონ გამოყოფილი მარილის გემო.